პრე-აქსელერაციის პროგრამა - AgroDeck-ის საინფორმაციო შეხვედრები
 26/04/2024


23, 24 და 25 აპრილს იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში აგრომიმართულების ბიზნესების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ორიენტირებული პრე-აქსელერაციის პროგრამა - AgroDeck-ის ფარგლებში კომპანია FireFlies-ის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.

აღნიშნული შეხვედრები ჩატარდა „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ესწრებოდნენ შესაბამისი უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც საშუალება მიეცათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ პროექტის შინაარსის, სააპლიკაციო პროცესის, მისი ეტაპებისა და მიზნების შესახებ.

AgroDeck ორიენტირებულია აღმოაჩინოს და წაახალისოს აგრო მიმართულებით არსებული პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული აგროიდეები, დაეხმაროს მათ გადაიქცნენ რეალურ პროდუქტად და ფუნქციურ ბიზნესად. პროექტში მონაწილე შერჩეული იდეები, რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, იმისათვის, რომ თავიანთი იდეა გარდაქმნან სტარტაპად და წარადგინონ პოტენციური ინვესტორების წინაშე.

პრე-აქსელერაციის პროგრამა AgroDeck ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია FireFlies-ისა და “მომავლის ფერმერის” საერთო პროექტია, რომელიც იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებისთვის შეიქმნა.