‎როგორ ვაქციოთ მესაქონლეობა მომგებიან საქმიანობად?
 26/02/2013
უახლესი პრეპარატები და ტექნოლოგიები ვეტერინარებისა და ფერმერებისთვის. ტრენინგების კურსი მეცხოველეობით დაინტერესებულებისთვის
უახლესი პრეპარატები და ტექნოლოგიები ვეტერინარებისა და ფერმერებისთვის. ტრენინგების კურსი მეცხოველეობით დაინტერესებულებისთვის

"ასოციაცია მომავლის ფერმერი" სამცხე-ჯავახეთში ტრენინგებს აგრძელებს, სამდღიანი ტრენინგი ახალციხეში, ასპინძაში და ადიგენში მიმდინარეობდა.
ტრენინგის თემები იყო: როგორ აქციონ ფერმერებმა მესაქონლეობა მომგებიანი ბიზნესად; როგორ გაზარდონ სხვადასხვა პრეპარატებით ცხოველის პროდუქტიულობა მეხორცული და მეწველი მიმართულებით.

"ასოციაცია მომავლის ფერმერი" სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს, ვეტაფთიაქების გაძლიერებასა და ვეტერინარების ცოდნის დონის ამაღლებას. ასევე ასწავლიან ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების, რათა მესაქონლეობა მათთვის შემოსავლიან საქმიანობად იქცეს.

სწავლებას ესწრებოდნენ ფერმერები, ვეტერინარები და იმ ვეტაფთიაქის წარმომადგენლები, სადაც უახელესი პრეპარატები იყიდება.

ტრენინგებზე დამსწრე აუდიტორიას გააცნეს სხვადასხვა ახალი პრეპარატი, რომელთა საშუალებითაც იზრდება პირუტყვის საკვები რაციონი. აქ წარმოდგენილ პრეპარატებში ვიტამინების გამოყენებით ცხოველს საკვები 50-60%-ით ერგება.

"ფერმერები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, თუ რომელი პრეპარატი როგორ გამოიყენონ. ვეტაფთიაქებში კი უნდა იყოს ისეთი პრეპარატები რომლებიც გამოადგებათ, როგორც ვეტერინარებს, ასევე ფერმერებს", - ამბობს „ასოციაცია მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტერინარ-კონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში მცხოვრებ კობა მელიქიძეს ექვსი მოზარდი და ორი ფური ჰყავს. მისი თქმით, ტრენინგიდან ბევრი რამ გაიგო და მიღებული ინფორმაცია ყოველდღიურ საქმიაობაში გამოადგება: „აქ წარმოდგენილი პრეპარატების შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი. ერთ-ერთი ვიტამინი უკვე გამოვიყენე ჩემს ხბოზე. სწორად გვასწავლიან, არ უნდა ვიყოთ სხვისი მოჯამაგირეები და ჩვენი საქონელით გლეხებმა მოგება თავად უნდა ვნახოთ".

ჭიჭაყუას თქმით, რეგიონში სამდღიანი სწავლების მთავარი თემა იყო, თუ როგორ ვაქციოთ მესაქონლეობა მომგებიან საქმიანობად და როგორ განვავითაროთ ეს დარგი უახლესი პრეპარატებით: "სწორედ ამ რეგიონიდან იყიდება საქონელი მთელ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთიდან წაყვანილი პირუტყვით ორ-სამჯერ მეტ მოგებას ნახულობენ აზერბაიჯანელებიც. ჩვენი მიზანია შევასწავლოთ ფერმერებს, როგორ უნდა აკეთონ ბიზნესი მესაქონლებაში".

ტრენინგები სამცხე-ჯავახეთში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგი ტრენინგის თემა რძის ხარისხი და რძის პროდუქტიულობის გაზრდა იქნება.

წყარო: http://meurne.sknews.ge 

[ოთარ აწყურელი]