"კატასტროფაა, როდესაც ერთად იკვლება ღორი და პირუტყვი ერთი სამუშაო იარაღით სტერილიზაციის გარეშე; როდესაც დაკლული საქონელი პირდაპირ იატაკზე იყრება, იქვეა ფეკალიებით სავსე დახეთქილი ნაწლავები და ამ ყველაფერს ბუზები ეხვევა."
ასოციაცია "მომავლის ფერმერისა" და ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით საქართველოში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა HACCP-ის საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორი, ტრენერი ჯეფ კრონენგბერგი. მას აქვს საქონლისა და ფრინველის სასაკლაოებთან, რძისა და ხორცის პროდუქტების, ასევე, საკონდიტრო და სხვა საკვებმწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან მუშაობის 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება. არის აიდაჰოს (აშშ) შტატში საკვების უსაფრთხოების დაცვის კონტროლის ალიანსის წევრი.
კრონენბერგმა ქართველი მეწარმეებისთვის HACCP-ის საერთაშორისო ალიანსის მიერ აკრედიტირებული სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა, რის შემდეგ მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება და გადაეცათ HACCP-ის საერთაშორისო ალიანსისა და აიდაჰოს უნივერსიტეტის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი უფლებამოსილებას ანიჭებს ტრენინგის მონაწილეს საკუთარ საწარმოში თავად დანერგოს აღნიშნული სტანდარტი და გადაამზადოს თანამშრომლები. თეორიული კურსის შემდეგ კრონენბერგმა ის საწარმოები მოინახულა, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით HACCP უნდა დანერგონ.
როგორ აფასებს საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორი საწარმოებში არსებულ ვითარებას და რა რეკომენდაციებს აძლევს ის ხელისუფლებას და მეწარმეებს, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეფ კრონენბერგთან.
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ HACCP-ის სტანდარტის მოთხოვნა იყო დროული რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ქართველი მეწარმეები საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ტრენინგებზე ვნახე ძალიან ბევრი მეწარმე, ბიზმესმენი, რომლებიც საკმაოდ მონდომებულები არიან, ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე და მართლაც სურთ საწარმოები იმ სტანდარტებს გაუთანაბრონ, რაც ევროპასა და აშშ-შია. ბევრი მათგანის ენთუზიაზმი მათი საექსპორტო პოტენციალით არის ნაკარნახევი, თუმცა ზოგიერთს პატრიოტული ინტერესები ამოძრავებს და უნდა ისეთ საწარმოს მართავდეს, ისეთ პროდუქტს ქმნიდეს, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყანას ევროპული საქართველოსკენ გზას გაუკაფავს. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრია გამოსასწორებელი და ძალიან რთული სამუშაოებია ჩასატარებელი.
ამ ენთუზიასტი ბიზნესმენების საწარმოები ხშირ შემთხვევაში, სრულად საჭიროებენ რეკონსუტრუქციას და შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას. განსაკუთრებით შეშფოთებას გამოვხატავ, რომ ამ მხრივ მეწარმეებს არ აქვთ თანადგომა. ის თანხები, რაც მოდის ევროკავშირიდან და აშშ-დან ვშიშობ, საკმარისი არ არის.
- თქვენ სად ხედავთ გამოსავალს?
- ვიმუშავე პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან - ბელორუსიასთან, იქ მეტ-ნაკლებად დაძლიეს ეს პრობლემა, თუმცა, მოგეხსენებათ, იქ საწარმოების 80% სახელმწიფოს ხელშია და შესაბამისად, სტანდარტების დანერგვისას სახელმწიფო სუბსიდირება დიდი იყო. თქვენს შემთხვევაში, გამოსავალი შეიძლება იყოს ორი მიმართულებით:
პირველი - კოოპერატივი არის ეფექტური გზა, რომ მეწარმეებმა განაახლონ საწარმოები. ვიცი, რომ კოოპერატივების თემა სახელმწიფომ წამოწია, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც სწორად და თანმიმდევრულად არ კეთდება და შედეგიც ამიტომ არ ჩანს. მოქნილი სისტემა ვერ შეიქმნა და ამიტომ უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეთ ამ წამოწყებას და გამოიყენოთ ეს გზა.
მეორე - საბანკო რესურსის ეფექტური გამოყენება. როგორც ვიცი, გაქვთ იაფი სესხის პროგრამაც, თუმცა აქაც რაღაც ვერ მუშაობს. დაბალპროცენტიანი სესხები მიზმნიმართულად უნდა გაიცეს იმ საწარმოებზე, რომლებიც აპირებენ ჰასპის სისტემის დანერგვას.
- იაფი სესხის პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდი თანხები გაიცა, თუმცა შესაბამისი ეფექტი არ ჩანს. ფერმერებმა სესხის აღების დროს არ იცოდნენ, რა საკანონმდებლო რეგულაციები ელოდათ, იგივე ჰასპთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია სესხის მიმღების დატრენინგება და შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებში მისი გარკვევა?
- სესხის გაცემასთან ერთად უნდა მოხდეს მეწარმეებისა და დასაქმებული პირების დატრენინგება. სხვა შემთხვევაში, წყალში გადაყრილია ფული. ამაში სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდით, რომ ტრენინგებში მეწარმეებს ფული არ ჰქონდეთ გადასახდელი. ყოველ შემთხვევაში, ამ კრიზისულ ეტაპზე მაინც. ეს პრაქტიკა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.
საერთოდ ჩემი 30 წლიანი გამოცდილებით, მინდა გითხრათ, რომ ჰასპის სტანდარტებზე გადასვლისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. ეს არის თანმიმდევრული, გააზრებული და მიზანმიმართული ნაბიჯების ერთობლიობის შედეგი. ეს არის უწყვეტი ჯაჭვის პრინციპზე დაფუძნებული სისტემა, რომლის დანერგვას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა. ძალიან ბევრი რგოლი უნდა მუშაობდეს ეფექტურად და გამართულად.
- მეწარმეები, ფერმერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჰასპთან დაკავშირებით მათ კერძო საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენელები და სახელმწიფო ინსპექტორები სხვადასხვაგვარ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ რეკომენდაციების გასცემენ. არადა, კერძო საკონსულტაციო მომსახურების მიღებაში საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში მეწარმე, რომელსაც არ აქვს იმის ფინანსები საერთაშორისო კონსულტანტები მოიწვიოს? ვის უნდა დაეყრდნოს?
- ანალოგიური სიტუაცია არსებობდა ბელორუსშიც, როდესაც სახელმწიფო მაკონტროლებელი სხვას ეუბნებოდა და ექსტენციონისტი -სხვას, იყო დიდი დაბნეულობა. ამიტომ კარგი იქნებოდა ჩემს ტრენინგს დასწრებოდნენ სახელმწიფო მაკონტროლებლები. მხოლოდ ერთი ინსპექტორი ესწრებოდა. ეს ცუდია. ამოსავალი არის ჰასპის კოდექსი, რომელიც ზედმიწევნით ღრმად უნდა იცოდნენ სახელმწიფო მაკონტროლებლებმა, ასევე კერძო ექსტენციონისტებმა და თავად მეწარმეებმაც. უცოდინარი მეწარმე ყოველთვის დაიჩაგრება. არ შეიძლება კერძო შეხედულებისამებრ გაიცეს რეკომენდაცია. ჰასპის თითოეული პრინციპი ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს და არ არსებობს მისი ინტერპრეტირების საფუძველი. ასე რომ, ვიდრე მეწარმის ინსპექტირებას მოახდენენ, კოდექსი კარგად შეისწავლონ. იგივე რჩევას ვაძლევ კერძო საკონსულტაციოებს.
მინდა ორი მაგალითი დაგისახელოთ, თითქოს ძალიან მარტივი საკითხია ხელის დაბანა, მაგრამ ჰასპის მოთხოვნით განსაზღვრულია ხელის დაბანის ის პრინციპი, რომელიც მეცნიერულ საფუძვნებს ემყარება. ხელზე საპონს ისვამთ 20 წამის განმავლობაში და შემდეგ ხდება მისი თბილი წყლით ჩამორეცხვა. ასევე, სასაკლაოში გადარეცხვისა და დასუფთავების შემდეგ დეზინფექციის გატარების პროცედურაც ემყარება მეცნიერულ საფუძველს და არ შეიძლება ვიღაცის შეხედულებებისამებრ მოხდეს. ან იგივე, რძის პასტერიზებისას კრიტიკული ზღვრები და სხვ.
- მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ და დავიწყეთ საკანონმდებლო ბაზის დაახლოვება, შესაბამის რეკომენდაციებს ვიღებთ ევროკავშირიდან. რამდენად განსხვავებული მიდგომებია იგივე ჰასპთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში?
-ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ამერიკის რეგულაციები ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირისა. ახლა კიდევ უფრო გამკაცრება ხდება ფედერალურ დონეზე, ვიღებთ სურსათის უსაფრთხოების მოდელირების აქტს, რომელიც დაფუძნებულია ჰასპის სისტემაზე. მას უწოდებენ სურსათის უვნებლობის მოდელირების აქტს. სამწუხაროდ, ეს აქტი ნებაყოფლობით სისტემას გამორიცხავს და ის სავალდებულოა ფერმერისთის. ამ აქტის გაუტარებლობის შემთხვევაში მაღალი საჯარიმო სანქციებია. რაც შეეხება იმას, განსხვავებულია თუ არა ჩვენთან ჰასპის პრინციპები, არა. ჰასპის ამოსავალი კოდექსია, რომელიც არის ერთი და ყველა ხელმძღვანელობს ამ კოდექსით აშშ-შიც და ევროპაშიც. არსებობს დარგობრივი მოდელები (მაგალითად, ფრინველის სასაკლაო, ყველის საწარმო და ა.შ), რომლებიც აღიარებულ პრინციპებს ეფუძნებიან და ამ მოდელების შესაბამისად უნდა მოხდეს თქვენთან რეკომენდაციების გაცემა იგივე საწარმოს დიზაინზე, კონსტრუქციაზე, საშენ მასალაზე, ჰასპის წინამოსამზადებელ პროგრამებზე და სხვა ბევრ საკითხზე, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ჩვენ 3 დღე ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე ტრენინგის დროს.
- თქვენ პარალელურად ექსტენციონისტი ბრძანდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ გარდამავალ პერიოდში შესაბამისი რგოლი ჩვენნაირ ქვეყანაში იყოს ძლიერი. ასევე, რა როლი უნდა შეასრულოს კერძო ექსტენციამ და რა - სახელმწიფომ?
- სახელმწიფოს როლი უშუალოდ მდგომარეობს საექსტენციო ცენტრების გაძლიერებაში. აუცილებელია მეცნიერების მაღალი ჩართულობა, რომლებიც პრაქტიკულად იმუშავებენ, ადგილზე მივლენ და მიცემენ რეკომენდაციებს ფერმერს. ცხადია მხოლოდ კერძო ინვესტირებით ამინდი ვერ შეიქმნება, აქ სახელმწიფოს წილი მაღალი უნდა იყოს. მე ვისურვებდი, რომ როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყნებშია, როგორც ჩვენთან არის, საექსტენციო სერვისი საუნივერსიტეტო ბაზაზე იყოს. ანუ შუალედური საუნივერსიტეტო ბაზის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.
მიუხედავად იმისა, რომ შტატების, ფედერალური და რეგიონალური მთავრობა გვაფინანსებს, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გვაკლია და ამიტომ ზოგიერთი საექსტენციო მომსახურება გახდა ფასიანი. ასევე, დიფერენცირებულია ფერმერთა კატეგორიები. მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების დიდი ნაწილი უფასოა, ხოლო მსხვილი საწარმოები მზად არიან ასეთ მომსახურებაში თანხა გადაიხადონ. ცხადია აქამდე ჩვენ განვითარების გარკვეული გზა გავიარეთ და კარგი იქნებოდა ამ პრაქტიკას თუ გაიზიარებდით.
- ჩვენს ქვეყანაში სოფლად დასაქმებულია მოსახლეობის 46%, მათი უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ჩართულია სურსათის წარმოებაში საკუთარი მოხმარებისთვის თუ სარეალიზაციოდ. ეს ადამიანები ხშირად ქართულადაც ვერ საუბრობენ. რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც იგივე ჰიგიენის საკითხებზე მათთვის გასაგებ ენაზე პროპაგანდირება და თქვენ ინფორმირებულობის რა ინსტრუმენტებზე მიგვითითებდით?
- კი გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა წერა-კითხვაც კი არ იციან, ამიტომ ასეთ აუდიტორიას ილუსტრაციებით ვესაუბრებით. საერთოდ ყველა საკომუნიკაციო ინსტრუმენტის გამოყენება გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებულად უნდა მოხდეს. რამდენად მათთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ, რამდენად მივა სამიზნე აუდიტორიამდე, როგორ აისახება შედეგზე და რა დროში.
ძალიან ბევრ მასალას ვტოვებ, რომელთა გამოყენება საამისოდ შეიძლება, საკმარისია მხოლოდ სურვილი და მონდომება. უნდა ითარგმნოს, დამუშავდეს და ექსტენციონისტებს გადაეცეთ.
- არსებული კანომდებლობით ჰასპის დანერგვა რძისა და ხორცის (თევზის) იმ საწარმოებს მოეთხოვებათ, რომელთა პროდუქტი ლეგალურ სავაჭრო დახლებზე იყიდება. თუმცა, საქართველოში აქტუალურია გარე ვაჭრობა, გლეხური ბაზრები, სადაც უკონტროლო პროდუქტია და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მომხმარებელი დაცული არ არის. მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით ხელისუფლება არ ამკაცრებს გლეხური წარმოებების მიმართ რეგულაციებს და კონტროლს. ამ ფონზე სად ხედავთ გამოსავალს?
- სამწუხარო რეალობაა, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. პირველ რიგში, ისევ ექსტენციას დავუბრუნდები, ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კარდაკარის პრინციპით მუშაობა, რათა თითოეული გლეხი მწარმოებელის ცნობიერებამდე დაიყვანოთ უვნებლობის ელემენტარული მოთხოვნები.
მეორეს მხრივ, გამოსავალია, რომ გლეხები მთლიანად გადაერთონ პირველადი პროდუქტის, იგივე ნედლი რძის წარმოებაში და გადამუშავებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ადრე თუ გვიან მაინც მოექცევიან ერთიანი რეგულირების სფეროში. ჩვენს შტატის მაგალითზე გეტყვით. ჩვენთან მეცხოველეობა ძალიან აქტუალურია, თუმცა, მსხვილი ფერმერებიც კი არ არიან ჩართულები გადამუშავებაში. მხოლოდ 15%-ს აქვს გადამამუშავებელი საწარმო. მსხვილი ქარხნები, წარმოებები არიან, რომლებიც პირველადი ფერმერებისგან საქონელს, რძეს იბარებენ და მხოლოდ გადამუშავებაზე მუშაობენ, შესაბამისი ლიცენზიებიც აქვთ. ჩვენთან ადვილია იყო პირველადი მწარმოებელი-ფერმერი, მაგრამ ძალიან რთულია გადამამუშვებელი საწარმოს სტატუსის მოპოვება. ეს პრაქტიკა არსებობს და ეფექტურად მუშაობს. თქვენთან ამ პრაქტიკის პროპაგანდირება, წახალისებს და ალბათ, შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაც კარგი იქნებოდა კოოპერატივების პარალელურად.
პირველადი მწარმოებლების განათლება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ სულ ახლახანს გავამკაცრეთ ბოსტნეულისა და ხილის წარმოებაში რეგულაციები, რადგან იყო ისპანახისგან, სალათის ფურცლებისგან, პომიდვრისგან და ვაშლისგან მოწამვლის ფაქტები. ამიტომ პირველადი წარმოებლების მიმართ კანონმდებლობა გამკაცრდა. მომხმარებლებისგან ძალიან დიდი წნეხი განიცადა ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ გაემკაცრებინათ კანონმდებლობა.
თუმცა, რეგულაციებისა და საექსტენციო თუ ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად აუცილებელია თავად მეწარმეებმა საკუთარ ცნობიერებაზეც იმუშავონ, მეტი მოინდომონ. ჯადოსნური ჯოხი არავის უჭირავს, რომ სასწაულები მოახდინოს. უვნებელი სურსათის წარმოება კულტურის ნაწილი უნდა გახდეს. მე ვნახე ისეთი საწარმოები, რომლებმაც ძალიან შემაშფოთა და ვფიქრობ, სასწრაფო რეაგირება უნდა მოხდეს. არის სასაკლაოები, რომლებიც არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. კატასტროფაა, როდესაც ვეტერინარი ექიმი ხორცის დამუშვების ადგილას ეწევა სიგარეტს და იქვე ძირს აგდებს ნამწვავს; ხორცი სათანადოდ არ მოწმდება; როდესაც ერთად იკვლება ღორი და პირუტყვი ერთი სამუშაო იარაღით სტერილიზაციის გარეშე; როდესაც დაკლული საქონელი პირდაპირ იატაკზე იყრება, იქვეა ფეკალიებით სავსე დახეთქილი ნაწლავები და ამ ყველაფერს ბუზები ეხვევა. აქ ჰასპის კი არა, უვნებლობის ელემენტარული წესებიც კი არ არის დაცული. აუცილებელია ასეთ საწარმოებს მიეცეთ გაფრთხილება, უნდა დატრენინგდეს პერსონალი კარგი საწარმოო პრაქტიკისა და სხვა პრინციპების შესახებ. თუ სასაკლაო არ გამოასწორებს ვითარებას, უნდა დაიხუროს.
ვფიქრობ, ეს ვითარება იმიტომ არის, რომ კანონების გამკაცრებამდე გარკვეული საგანმანათლებლო-მოსამზადებელი ნაბიჯები იყო საჭირო. როგორც ჰასპის დანერგვამდე საწარმოში საჭიროა წინამოსამზადებელი პროგრამები, ისეა ქვეყნის შემთხვევაშიც, რომ შედარებით უმტკივნეულად მომხდარიყო გადასვლა.
რუსუდან გიგაშვილი
"მომავლის ფერმერი"
წყარო: www.eugeorgia.info