ამერიკელი ექსტენციონისტის რეკომენდაციები ფერმერებს და ხელისუფლებას
 09/11/2015
ამერიკელმა ექსტენციოლოგმა, ცხოველთა კვების სპეციალისტმა დეილ ზობელმა "მომავლის ფერმერისა" და ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერის" მოწვევით ქართველი ფერმერებისთვის 2 კვირის განმავლობაში ტრენინგები ჩაატარა. ზობელს აშშ-სა და კანადაში ამ მიმართულებით მუშაობის 37 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი შეფასებით, საქართველოში მეცხოველეობის დაბალი პროდუქტიულობა დაბალი განათლებითა და ფინანსური რესურსების არაეფექტურად გამოყენებით არის განპირობებული.გთავაზობთ ინტერვიუს დეიზ ზობელთან.
ამერიკელმა ექსტენციოლოგმა, ცხოველთა კვების სპეციალისტმა დეილ ზობელმა "მომავლის ფერმერისა" და ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერის" მოწვევით ქართველი ფერმერებისთვის 2 კვირის განმავლობაში ტრენინგები ჩაატარა. ზობელს აშშ-სა და კანადაში ამ მიმართულებით მუშაობის 37 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი შეფასებით, საქართველოში მეცხოველეობის დაბალი პროდუქტიულობა დაბალი განათლებითა და ფინანსური რესურსების არაეფექტურად გამოყენებით არის განპირობებული.გთავაზობთ ინტერვიუს დეიზ ზობელთან.
 
თქვენ შეხვდით  საქართველოში მოქმედ წვრილ და მსხვილ ფერმერებს, გაეცანით ჩვენს ქვეყანაში მეცხოველეობაში არსებულ მდგომარეობას, როგორი შთაბეჭდილებებით დატოვეთ საქართველო?
 
რძის და ხორცის წარმოების ინდუსტრია მცირე მწარმოებლებისაგან შედგება, რომელთაც ელემენტარული წარმოდგენა აქვთ საკვებ პროდუქტებში საკვები ნივთიერებების შემადგენლობისა და ცხოველის საჭიროებების შესახებ. ცოდნის დიდი ნაწილი, რომელიც მათ გააჩნიათ, ძირითადად მიღებული აქვთ სხვა ფერმერებისაგან, რომლებიც ისეთ მეთოდებს და ინფორმაციას იყენენებენ, რომელიც მოძველებულია ან არ შეესაბამება მათი ცხოველების გენეტიკურ პოტენციალს. აღინიშნება კრედიტებისა და ფულის ნაკლებობა, ასე რომ გაფართოება მათთვის სირთულეს წარმოადგენს. ძირითადად ბუნებრივი რესურსებია ხელმისაწვდომი, მაგრამ სათანადოდ არ არის გამოყენებული. საქართველოს სოფლის მეურნეობას შეუძლია განვითარდეს უცხოური კაპიტალით და გარე ინტერესებით, ვიდრე ქართული კომპანიები და ფერმერები უფრო პროგრესულები და აქტიურები გახდებიან.

საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ გახდეს ლიდერი სოფლის მეურნეობაში, თუ ის დაძლევს პრობლემებს და თავად განკარგავს საკუთარ ბედს. კარგად უნდა გაიაზროთ, რომ ძველი სოციალური პოლიტიკური წყობა დასრულებულია და საჭიროა ახლებური, თანამედროვე აზროვნების და საქმიანობის დანერგვა.

საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად არის დასაქმებული, მეცხოველეობის პროდუქტიულობის დონე დაბალია, ადგილობრივი, ჯიშების ფურის საშუალო წლიური წველადობა 1100-1200 ლიტრს, ხოლო ხორცის გამოსავლიანობა 45-50%-ს არ აღემატება. თქვენი შეფასებით, რა არის ამის მიზეზი?

გენეტიკა წარმოადგენს შემზღუდავ ფაქტორს საქონლის ქართულ ჯიშებში, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ გარკვეულ დონემდე. საჭიროა ხელოვნური განაყოფიერება და ახალი ჯიშები, იმისთვის რომ წარმოება გაიზარდოს. აგრეთვე ფერმერული მეურნეობის გაფართოება გაზრდილი კაპიტალისა და ტექნოლოგიის მეშვეობით.

დღეს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში მეცხოველეობაში სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციებია. მათ შორის, განისაზღვრა პირუტყვის იდენტიფიცირების წესი. რამდენად მნიშვნელოვანია მეცხოველეობაში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმისა და განხორციელების პროცესში აღრიცხული და მიკვლევადი იყოს თითოეული ცხოველი და რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიეთ ეს ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც წვრილ (5 ძროხამდე) ფერმერთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება როგორია ამ საკითხთან მიმართებაში?


მიკვლევადობა მნიშვნელოვანია მყიდველის ნდობისთვის. საქართველოში ყველა ფერმერმა უნდა დაარეგისტრიროს პირუტყვი და მიიღოს ფერმის საიდენტიფიკაციო ნომერი. ცხოველი უნდა გაიყიდოს ამ საიდენტიფიკაციო ნომრით.  თუ საქონელს შემდგომ დაავადება აღმოაჩნდება, შესაძლებელია იმ ფერმის მიკვლევა, საიდანაც ეს ცხოველი მოვიდა. აშშ-ში ყველა ფერმა რეგისტრირებულია და გამოიყენება რკინის ნიშანი. მესმის, რომ ეს რთული პროცესია,შესაძლოა მტკივნეულიც აღმოჩნდეს, ბევრ ტექნიკურ ბარიერებს გადააწყდეთ, თუმცა, მის გარეშე მეცხოველეობასა და სურსათის უვნებლობაში ვერანაირ რეფორმას ვერ განახორციელებთ.

მეცხოველეობის დაბალი პროდუქტიულობის ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია სანაშენე სისტემის, სასელექციო პროგრამების შექმნა-დანერგვა? თქვენ გაეცანით ადგილობრივი ჯიშებს, რას იტყოდით მათ პოტენციალზე?

ქართულ ჯიშებს აქვთ გარკვეულ დონემდე წარმოების შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე მიღწეული არ არის. ხელოვნური განაყოფიერება და მოშენების სხვა საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვცნად გააძლიერებს წარმოების პოტენციალს. თუმცა პროდუქტიულობის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორ მართავენ ფერმერები ცხოველთა კვების საკითხებს. ამ მხრივ, სერიოზული პრობლემაა.

ჩვენთან მეცხოველეობის პროდუქციის თვითღირებულების 60%-ზე მეტი საკვებზე მოდის. როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ საკვებბაზას, რა პრობლემებია და როგორია პოტენცია?


საქართველოში არსებული საკვები შეესაბამება სახორცე და მერძეული საქონლისთვის არსებულ მოთხოვნებს. თუმცა საძოვრები გადაძოვილია, რაც ცხოველების დაბალი პროდუქტიულობის მთავარი მიზეზია და არასწორი მენეჯმენტის გამო იწვევს შემცირებულ პროდუქტიულობას საძოვრებზე წლების განმავლობაში. საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს საქონლის ყველა კლასისთვის საჭირო მოსავლის საწარმოებლად, როგორიცაა სახორცე და მერძეული ჯიშები, ღორი, ფრინველები, კურდღლები და ა.შ. თუმცა აგრონომული წარმოების პრაქტიკა ბევრად ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას. მასში შედის არაორგანული სასუქების, ჰერბიციდების, ნიადაგისა და საკვების ტესტირების, დათესვისა და მოსავლის აღების ტექნიკის, საწყობებში განთავსებისა და დაფქვის ტექნიკის გამოყენება.

რას გვეტყოდით მეცხოველეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე?

მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად სოფლის მეურნეობამ უწყვეტი სახით უნდა გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები. ეს ასეა ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. მტკიცედ მჯერა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, თუმცა ეს ქვეყნის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების გარეშე წარმოება განვითარდება მხოლოდ გარკვეულ დონემდე. აშშ-ში წარმოების დონეში არსებული მიღწევები გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დამსახურებაა.

საქართველოში მრპ-ს მესაკუთრეთა 80%-ზე მეტი არ იცავს ცხოველთა მოვლა-შენახვის პირობებისა და სადგომის მოწყობს ელემენტარულ სტანდარტებს.  ჩვენთან არის ასევე, მომთაბარე მეძროხეობაც. პირუტყვის შენახვის რომელ წესს ურჩევდით ფერმერებს?

ვიტყოდი, რომ საქართველოში საძოვრების მართვა ძალიან დაბალ დონეზეა, რადგან ხდება საძოვრების ზედმეტად გამოყენება და ისინი გადაძოვილია. ფერმების საშუალებებიც დაბალი დონისაა, მაგრამ რაღაც სახით ფუნქციონირებენ. გაფართოებისთვის საჭირო იქნება უფრო თანამედროვე საშუალებები, განსაკუთრებით ინტენსიური კვებისთვის, კერძოდ ინტენსიური კვებისთვის საჭიროა კვების ადგილები საქონლისთვის, ფრინველისა და ღორებისთვის. აღინიშნება ფულისა და კაპიტალის ნაკლებობა, მაგრამ მეცხოველეობის გასაფართოვებლად საჭიროა კაპიტალის ჩადება კერძო პირებისა თუ კორპორაციების მიერ. როგორც ადრე ვახსენე, თუ ქართველები არ გააკეთებენ ამას, მას უცხოური კომპანიები,როგორიცაა ჰოლანდიური და ჩინური, გააკეთებენ.

ჩვენთან პრობლემაა საძოვრების მენეჯმენტი. რა გამოცდილებას გაგვიზიარებდით თქვენ, რა როლი აქვს ამ საკითხში სახელმწიფოს?


მთავრობა მონაწილეობას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მიწა სახელმწიფო ან ფედერალურ მფლობელობაშია და არ არის კერძო პირების საკუთრებაში. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქმნის ექსტენციის სერვისს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფერმერების ინფორმირებაში სათანადო აგრონომული და მეცხოველეობის პრაქტიკის შესახებ. თქვენ მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ საძოვრების მართვა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. ფერმერებმა უნდა გაიგონ, რომ საძოვრების გადაძოვა და სასუქების და ჰერბიციდების გამოუყენებლობა გამოიწვევს გრძელვადიან პრობლემებს და წარმოების დანაკარგს.

რამდენად მნიშვნელოვანია ფერმერისთვის სამეურნეო საქმიანობის დაგეგმარებისას მაღალპროფესიული კონსულტაცია, ანუ ინფორმირებულობასა და ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობა?


ფერმერობის ამოცანაა შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა და იყოს მომგებიანი. განათლებისა და ცოდნის გარეშე კი ამის მიღწევა შეუძლებელია. ასევე, ჩანაწერების წარმოება, ფინანსური და ფისკალური მართვა მნიშვნელოვანია ამის მისაღწევად. ფერმერებმა უნდა იცოდნენ წარმოების ხარჯების შესახებ, სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ გაიგებენ, თუ რა სფეროებში სჭირდებათ მეტი ცოდნა. მაგალითად, თუ რძის წარმოებაზე მომუშავე ფერმერი არ აწარმოებს რძის წარმოების და საკვების ხარჯის შესახებ ჩანაწერებს, არ აანალიზებს და არ გამოიყენებს მათ შემდგომში, ის ვერ გაიგებს, თუ რა თანხა უჯდება მას ეს.

იმ დროს, როდესაც ქვეყანას სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, პრობლემაა შესაბამისი კვალიფიციური კადრები, თუნდაც ვეტერინარები, აგრონომები. ეს დარგები ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში სტაგნაციას განიცდიდა, მოიშლილი იყო ყველა ის  საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ბაზა, რომელსაც დარგის სპეციალისტები უნდა გამოეჭედა. ამ ფონზე სად ხედავთ გამოსავალს?


კვლევა ძვირია და საჭიროებს ძალიან დიდ წვლილს მთავრობისა და კერძო დაწესებულებებისაგან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და კვლევების აღდგენა ადვილი არ არის. ეს საკითხი პოლიტიკის ნაწილი და შესაბამისი ნებაა საჭირო ხელისუფლებისგან. თუმცა, დღესაც რომ პრიორიტეტად გამოაცხადოთ სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო მუშაობის აუცილებლობა, წლები დასჭირდება კონკრეტული შედეგების დადებას, ვიანიდან თქვენთან ყველა ბაზა მოშლილია. ამდენად, გირჩვდით ამ ეტაპზე გამოიყენოთ მსოფლიო მეცნიერების მიღწევები და კვლევები. ინტენსიურად ითანამშრომლეთ მსოფლიოს სამეცნიერო წრეებთან. ჩემი რეკომენდაცია იქნება, ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანების განვითარებულ ქვეყნებში განათლებას, სპეციალურ პროგრამებში ჩართულობას და სხვ.

რა როლი აქვს ექსტენციების ცენტრებს ფერმერის განვითარებაში?


ვიტყოდი, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. განსაკუთრებით თქვენი ტიპის ქვეყნისთვის, როდესაც ინფორმაციის დეფიციტია. კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება  თანამედროვე ინფორმაციებით შეაიარაღებს ექსტენციის თანამშრომლებს. სწორედ მათი განვითარების დონეზეა დამოკიდებული ფერმერისა და გლეხის განვითარება. ამიტომ ეს საკითხი ღრმა და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. ექსტენციის თანამშრომელი უნდა იყოს აქტიური და პოზიტივზე ორიენტირებული, ის უნდა იყოს მუდმივ ძიებაში, თუ რით და როგორ დაეხმაროს ფერმერს. ექსტენციის თანამშრომელი ფერმერს კი არ უნდა დაელოდოს, თუ როდის მოვა რჩევისთვის, არამედ თავად მივიდეს ფერმებში, ჩაატაროს დემონსტრირება და სემინარები.

რუსუდან გიგაშვილი