სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაციის მიზნით "მომავლის ფერმერი" ახალგაზრდა ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის გაცნობას იწყებს.
უჩა უმეთაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 28 სოფელს ემსახურება, აქვს ვეტაფთიაქიც. თუმცა, გარდა ვეტერინარული სერვისისა, ბოლო 4 წელია აქტიურად და 90%-იანი შედეგით მუშაობს ხელოვნურ განაყოფიერების მიმართულებითაც. გასულ წელს 600-ზე მეტი ფური გაანაყოფიერა. თუმცა, წლევანდელი სტატისტიკა ბევრად მაღალი იქნება. აპრილსა და მაისში 100-ზე მეტი ფურის განაყოფიერებას გეგმავს.
მისი აზრით, ფერმერებში ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტსერვისების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. თუკი 4 წლის წინ ხელოვნური განაყოფიერების სერვისის ღირებულება 10 ლარი იყო, დღეს 30 ლარია. უჩა კმაყოფილია, რომ მისი საქმიანობის შედეგად ქობულეთის სოფლებში პირუტყვის ჯიშობრივი და ვეტერინარული მდგომარეობა, ასევე საქონლის პროდუქტიულობა გაუმჯობესდა.
დღეს ის ქობულეთის 95 000-იან მოსახლეობაში ცნობილი და საჭირო პერსონა გახდა. უჩამ ქობულეთში ვეტერინარი შემოსავლიან და მნიშვნელოვანი როლის მატარებელ პროფესიად წარმოაჩინა.
აირჩიე პროფესია ვეტერინარი და არგე შენს ქვეყანას!
უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ უჩა უმეთაძის ვებინარს ხელოვნურ განაყოფიერებაში.