"მომავლის ფერმერი" აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.
ვეტერინარი სოსო გურგენიძე ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მსხვილ ფერმას და მცირე ფერმერებს ემსახურება. ამასთან არის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტიც. 2 წელზე მეტი "ყვარლის ბაგის" თანამშრომელი იყო.
სკოლის დამთავრებისთანავე უმაღლესში სწავლა უსახსრობის გამო ვერ გააგრძელა და მისსავე სოფელ სანავორდოში (ყვარლის მუნიციპალიტეტი) ვეტერინარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. 3 წლიანი პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ, 21 წლისამ ჩააბარა ზოოვეტში და თანაკურსელებში ასაკითა და გამოცდილებით გამორჩეული იყო. კვალიფიკაცია ისრაელსა და ესტონეთში აიმაღლა და თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციებით შეიარაღებული დაუბრუნდა მშობლიურ ყვარელს. თვლის, რომ ყველაზე შრომატევადი, საპასუხისმგებლო და ნაკლებად დაფასებული პროფესიის წარმომადგენელია.
„სოფლის მეურნეობა კი გამოცხადდა პრიორიტეტად, მაგრამ დარგის სპეციალისტები რომ არ გვყავს? ჩვენკენ სულადობა გაიზარდა, თითქოს მეცხოველეობა გამოცოცხლდა, მაგრამ ვეტერინარები არ არიან და რა ეშველება ამ დარგს? 25 საათი რომ იყოს დღე-ღამეში ალბათ სულ დაკავებული ვიქნებოდი. თუ გვინდა შედეგი დავინახოთ ამაზე უნდა ვიფიქროთ“ - თვლის სოსო და მიაჩნია, რომ ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე დარგი წინ ვერ წავა. ის ძირითადად მსხვილ ფერმებში მაღალპროდუქტიულ ჯიშებთან მუშაობს, რომლებსაც მოვლა-შენახვის და კვების განსაკუთრებული პირობები სჭირდება. აქ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ ვეტერინარს აქვს.
„დღეს ვეტერინარს იმაზე მეტი აკისრია, ვიდრე შეიძლება წარმოგიდგენიათ. მან ფერმერი უნდა გაანათლოს, რომ სწორად მოუაროს პირუტყვს და ნაკლები შეცდომები დაუშვას. პრევენციულ ღონისძიებებს მიაჩვიოს. ზოგადად სწორი აზროვნება განუვითაროს. ამიტომ თავად ჩვენ მოგვეთხოვება მაღალი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი, ყოველდღიურად ვცდილობ მეტი ვისწავლო და შემდეგ ეს ინფორმაცია გავცე. დღეს ჩვენ დარგის განვითარებაში განსაკუთრებული როლი გვაკისრია" - ფიქრობს სოსო და მიაჩნია, რომ ახალგაზრდების ვეტერინარიით დაინტერესებისთვის გარკვეული აქტივობები უნდა დაიგეგმოს.
აირჩიე პროფესია ვეტერინარი და არგე შენს ქვეყანას.