ქარსაფარი ნარგაობა
 25/04/2016
ქარსაფარი ნარგაობა ბაღებს ქარების მავნე ზემოქმედბეისგან იცავს, აუმჯობესებს ბაღის მიკროკლიმატს, ამცირებს ნიადაგის ტენის აორთქლებას და იცავს ქარისმიერი ეროზიისგან;
ქარსაფარი ნარგაობა ბაღებს ქარების მავნე ზემოქმედბეისგან იცავს, აუმჯობესებს ბაღის მიკროკლიმატს, ამცირებს ნიადაგის ტენის აორთქლებას და იცავს ქარისმიერი ეროზიისგან; თავიდან გვარიდებს ხეების დეფორმაციას, ნაყოფცვენას, ბაღში წამლობის ჩატარებას, რაც უხვმოსავლიანობის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია. თუ თქვენი ნაკვეთი ქარებისგან დაცულ ადგილას არ მდებარეობს, საჭიროა ქარსაფარი ზოლის გაშენება. ძლიერი ქარსაფარი ნარგაობა (ე.ი ბაღდამცავი ნარგაობა) უნდა გაშენდს 2-3 წლით ადრე ბაღის გაშენებამდე, რომელიც ორი ტიპისაა:

1.    ძირითადი ბაღდამცავი ზოლები - განლაგებული ბაღის გარეთა საზღვრებზე, გაბატონებული ქარების პენპენდიკულარულად,  პირველად ისინი იღებენ  ძლიერი ქარების დაწოლას და იცავენ ბაღს დაღუპვისგან. სუსტი ქარების ზონაში მათ აშენებენ 2-4 რიგიანს, ძლიერი ქარების ზონაში კი  6-8 რიგიანს.

2.    ქარამრიდი (ქარგამტეხი) ზოლები - მათ აშენებენ ბაღის შიგნით, კვარტლების საზღვრებზე. მათი დანიშნულებაა: შეანელონ და აიცილონ ქარის მოქმედება, რომელიც ძირითადი ქარსაფარიდან გარკვეულ მანძილზე კვლავ იძენს გარკვეულ სიჩქარეს. ქარამრიდი ზოლები შენდება 1-2 რიგისგან.
 
 
 
ბაღდამცავი ნარგაობის სამ ტიპს არჩევენ: ქარგაუმტარს, აჟურულს და ქარგამტარს.

ქარგაუმტარი ნარგაობა ხასიათდება რამდენიმე რიგი მჭიდროდ დარგული ძლიერ მოზარდი მცენარეებისგან, რიგებს შუა ბუჩქნარის გამორგვით. ასეთი ტიპის ნარგაობა ზოგიერთი უარყოფითი თვისების გამო ნაკლებად არის მიღებული მეხილეობის პრაქტიკაში, მეტი ქარსაფრებით დაკავებულ ფართობზე, იზრდება რადიაციული წაყინვების საშიშროება და სხვა.

ბაღების დასაცავად უფრო ხშირად იყენებენ აჟურულ და ქარგამტარ ზოლებს.

აჟურული ზოლი შენდება მაღალტანიანი ჯიშებისგან, ქვედა იარუსში ბუჩქნარის აუცილებელი გამორგვით. აჟურული ზოლი ქარს კი არ აისხლეტს, როგორც ქარგაუმტარი ზოლი, არამედ ატარებს მას  მთელ სიმაღლეზე, ფანტავს წვრილ ნაკადებად, ასუსტებს მის ძალას და უარყოფით მოქმედებას. ხელს უწყობს თოვლის საფარის თანაბარ განაწილებას და ჰაერის კარგი დრენაჟის მეშვეობით ამცირებს რადიაციული წაყინვების საშიშროებას.
ქარგამტარ ზოლს აშენებენ ბუჩქნარის გარეშე. ასეთი ზოლი შეკრულია ზედა ნაწილში და ქარს ატარებს მხოლოდ ქვედა ნაწილში (შტამბის სიმაღლეზე).

მეტად მნიშვნელოვანია ბაღდამცავი ზოლებისთვის ჯიშების სწორად შერჩევა. ბაღდამცავი ზოლების გასაშენებლად შერჩეული მცენარე კარგად უნდა იყოს შეგუებული ადგილობრივ ეკოლოგიურ პირობებს, ახასიათებდეს სწრაფი ზრდა, კომპაქტური ვარჯი, ახოვანი ტანი, ხანგრძლივი სიცოცხლე, არ უნდა ავადდებოდეს იმ მავნებელ-დაავადებით, რომლითაც ავადდებიან ხეხილოვანი მცენარეები.
 

 
საქართველოს ცალკეული ზოლების გასაშენებლად საქართველოს ცალკეული ზონებისათვის რეკომენდებულია მცენარეთა გარკვეული ჯგუფები. მაგ.: შუა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რაიონებისთის ძირითად კულტურებად რეკომენდებულია: კანადური და თურქესტანის ვერხვი, ალვის ხე, აკაცია, გლედიჩია, ცხენის წაბლი, ბაღდასაცავ ზოლში შეიძლება გამოვიყენოთ კაკალი, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, მაღალი გვალვაგამძლეობითა და ყინვაგამძლეობით, მიუხედავად ზემოთხსენებული მახასიათებლებისა მაინც ნაკლებად მისაღებია ქარსაფარისთვის, იგივე შეიძლება ითქვას მუხაზეც. ქვედა იარუსისთვის შეიძლება გამოვიყენოთ მინდვრის ნეკერჩხალი, შინდი, ტყემალი, თხილი, კატაფშატა.

ბაღსაცავი ზოლი უნდა გაშენდეს 2-3 წლიანი ნერგებით, ჭადრაკული წესით. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 2,5-3მ (მექანიზირებული დამუშავებისთვის), მცენარეთა შორის კი 1-1,5მ.

დაჩრდილვის უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხეხილის პირველი რიგი დაცილებული იქნას ბაღსაცავი ზოლიდან 12-15მ-ით.

კვარტალში ნორმალური შესვლა-გამოსვლისათვის კვარტალთშორისი ქარამრიდი ზოლების გაშენების დროს კვარტლის კუთხეებში უნდა დავტოვოთ 10-15მ სიგანის თავისუფალი ადგილი.

დამცავ ზოლში 5-6 წლის ასაკამდე სარეველების მოსპობის მიზნით რეგულარულად უნდა ვაწარმოოთ ნიადაგის გაფხვიერება. ასევე საჭიროა ჩავატაროთ თითქმის ისეთივე ხარისხის რწყვა, როგორც ხეხილის ბაღში.

ბაღსაცავი ზოლები ღია ბაღთან შედარებით ამცირებს ქარების სისწრაფეს დაახლოებით 40-50%-ით და თოვლის დნობას, რაც ხელს უწყობს ტენის დაგროვებას; მოსავლიანობა ღია ბაღებთან შედარებით 40%-ით მატულობს. ამრიგად, სოფლის მეურნეობაში ქარსაფარი ზოლები დადებითად მოქმედებს და დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლიანობის შენარჩუნებისათვის.

ნინო ჭიორელი
"მომავლის ფერმერი"
595 80 80 81