მალხაზ ჯანჯალაშვილი "მომავლის ფერმერია". მან ფერმერული საქმიანობა 2015 წელს, კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში 13 სული ძროხისა და კაპიტალური შენობის შეძენით დაიწყო. დღეისათვის მხოლოდ რძესა და მაწონს აწარმოებს და საკუთარი ძალებით ახდენს დისტიბუციას თბილისში. დედაქალაქში საცხოვრებლად 20 წლის წინ წამოვიდა, დღეს კი ისევ სოფელში დაბრუნდა. სურს, უახლოეს მომავალში შექმნას მინი ქარხანა და ჰქონდეს თავისი წარმოება.
"ამ მიმართულებას დიდი მომავალი აქვს, ბაზარზე დიდი მოთხოვნილებაა სოფლის, ნატურალურ რძესა და მაწონზე. თბილისის ერთი პატარა უბნისთვისაც არაა საკმარისი ჩვენი პროდუქციის ის რაოდენობა, რის რეალიზებასაც ვახდენთ. დღეისათვის გვყავს 15 ძროხა და 8 ხბო. ჩვენი საქონელი შვიცის ჯიშისაა და წველადობის მხრივ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს," -ამბობს ფერმერი.
მალხაზ ჯანჯალაშვილის აზრით, შედეგის მისაღწევად აუცილებელია გყავდეს კარგი ვეტექიმი და სწორად იყოს ფერმის ადგილი შერჩეული, რადგან მხოლოდ საქონლის შეძენა საკმარისი არაა.
"თუ შეატყობ პირუტყვს, რომ უხასიათოდაა, არ მოიწველა, ან ფეხი ასტკივდა ყურადღება უნდა მიაქციო. პირველივე დღეს, როგორც კი ეს საქმე დავიწყე "მომავლის ფერმერს" დავუკავშირდი და მათი ვეტექიმების უშუალო რჩევებით, კონსულტაციებით წარვმართე მუშაობა. როცა რაიმე პრობლემა მექმნება ან რაიმე კითხვა მიჩნდება, ვიცი ვის უნდა მივმართო," - აღნიშნავს ფერმერი, რომელიც ამ საქმეს საკუთარი ოჯახის წევრების აქტიურ ჩართულობასთან ერთად დიდი სიყვარულით აკეთებს.
გახდი "მომავლის ფერმერი".