ვალერი ბეჟიტაშვილი - "მომავლის ფერმერი"
 09/05/2016
27 წლის ვალერი ბეჟიტაშვილი „მომავლის ფერმერია“. მან ფერმერული საქმიანობა 20 წლის ასაკში, ახალსოფელსა და პატარა ლილოში ბროილერის ჯიშის ქათმების გაზრდით დაიწყო. 300 ცალი ბროილერის რიცხვი 3 000-მდე გაზარდა, დასაქმებული ჰყავს 4 ადამიანი.
27 წლის ვალერი ბეჟიტაშვილი „მომავლის ფერმერია“.  მან ფერმერული საქმიანობა 20 წლის ასაკში, ახალსოფელსა და პატარა ლილოში ბროილერის ჯიშის ქათმების გაზრდით დაიწყო.  300 ცალი ბროილერის რიცხვი  3 000-მდე გაზარდა, დასაქმებული ჰყავს 4 ადამიანი.

"ამ საქმეს 7 წელია მივყვები. თავდაპირველად  სხვა ფერმერების  გამოცდილებას  ვაკვირდებოდი, შემდეგ საკუთარი ცოდნაც დამიგროვდა. თუმცა, გაზრდის თანამედროვე და ეფექტურ ტექნოლოგიას 6 წლის წინ "მომავლის ფერმერში" გავეცანი. სწორედ მათი თანადგომითა და კონსულტაციებით მოვედი აქამდე.  დღეს ფერმერისთვის ყველაზე დიდი დახმარება მისი სწორ გზაზე დაყენება და საჭირო, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებაა. ამ მხრივ, „მომავლის ფერმერი“ ჩემი საიმედო პარტნიორია," - ამბობს ფერმერი.

ვალერი ბეჟიტაშვილი ქართულ ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, თუ ქვეყანაში ფასებთან მიმართებაში ვითარება არ შეიცვალა, შეიძლება ამ საქმეს თავი სულ დაანებოს.

"საქართველოში ბაზრის დაახლოებით 80% იმპორტზეა დამოკიდებული. თუ ეს რიცხვი შემცირდება, ადგილობრივი ფერმერები მეტად დაინტერესდებიან და მოთხოვნებიც გაიზრდება. მოსახლეობის უმეტესობა  ბარკალს, გაყინულ ქათამს ყიდულობს. თუ სიმინდის ფასმა არ მოიმატა, ქათმის გაზრდის თვითღირებულება უმეტესად, არ იცვლება. თუმცა, ნედლი ქათმის სარეალიზაციო ფასები ხშირად ისეთ დაბალ ნიშნულამდე ეცემა, რომ  თვითღირებულების  ხარჯებსაც ვერ ვფარავთ.  წვრილი ფერმერები ბაზრის ფასებს ვერ ვაკონტროლებთ," - ამბობს ფერმერი და ამ საქმის დამწყებებს ურჩევს, მიწები თავად დაამუშაონ, მოიყვანონ სიმინდი და როცა საკვების ყიდვა არ დასჭირდებათ, ხარჯები შეუმცირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებლად მიიჩნევს ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასა და ქართულ ბაზარზე არსებობას.

გახდი "მომავლის ფერმერი".