"მომავლის ფერმერი" აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.
გაიცანით 28 წლის ზუგდიდელი ვეტექიმი და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი ქეთი მანია, რომელსაც ამ სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა. 2012 წელს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ვეტერინარს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა და შეეძლო სამუშაოდ დედაქალაქში დარჩენილიყო, თუმცა საკუთარ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა და პროფესიულ საქმიანობას ზუგდიდში შეუდგა.
ქეთიმ 2014 წელს ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით 2 კვირიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარა. ახლა მიღებულ გამოცდილებას საკუთარ რეგიონში იყენებს, რათა მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესება მოხდეს. აქვთ რამდენიმე წარმატებული მცდელობა და იმედი, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა გაიზრდება.
"რადგან უნივერსიტეტი ძირითადად მხოლოდ თეორიულ ცოდნას იძლევა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად ზუგდიდში, კერძო კლინიკაში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, გამიჩნდა მოტივაცია მემუშავა პრაქტიკოს ვეტერინარ ექიმად. მოგეხსენებათ, ეს არც ისე პოპულარული საქმეა, მით უმეტეს, ახალგაზრდა თაობაში. ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება ქალისთვის კი ორმაგად რთული საქმეა. ძალიან დიდ ფიზიკურ ძალას საჭიროებს.
2014 წლიდან დღემდე ვმუშაობ ზუგდიდის რესურს ცენტრში "აგრო სახლი", პრაქტიკოს ვეტერინარ ექიმად, სადაც მაქვს საშუალება ფერმერებს შევთავაზო ინოვაციური სერვისი, როგორიც არის ექოსკოპიური და რენდგენოგრაფიული კვლევა.
ასევე ვთანამშრომლობ ასოციაციასთან "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", მოწყვლად ოჯახებს ვეხმარებით სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ხდება მათი დატრენინგება მეცხოველეობაში; შემდგომ დახმარება და მონიტორინგი საქმიანობის წარმართვაში," - ამბობს ქეთი მანია, რომელიც საკუთარი საქმიანობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და სურს, სამომავლოდ უფრო მეტად განვითარდეს და საერთაშორისო გამოცდილება მიიღოს.
ახალგაზრდა ვეტერინარის აზრით, დარგის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მეტი ახალგაზრდა პრაქტიკოსი ვეტერინარი ექიმის მოზიდვა, მათი მუდმივი სწავლება და ხელშეწყობა, რათა მომავალ თაობას გაუჩნდეს მოტივაცია გააგრძელოს საქმიანობა, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
აირჩიე პროფესია ვეტერინარი და არგე შენს ქვეყანას!