ინტერვიუ ამერიკელ ექსტენციონისტთან
ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მეცხოველეობის მერძეულ მიმართულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დარგი თითქოს გამოცოცხლდა და რძის წარმოების მონაცემებიც მცირედით გაიზარდა, სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. დაკნინებული და დიდი წლოვანების საქონელი, მწირი საკვები ბაზა; ამორტიზირებული ფერმერული მეურნეობები; სანაშენე და სასელექციო საქმიანობის არარსებობა; ხელოვნური განაყოფიერების გამოყენების დაბალი დონე; ბაზრის არასტაბილური და არაორგანიზებული მოთამაშეები; ვეტერინარიის დაბალი დონე და დაავადებების მაღალი მაჩვენებელი; სპეციალისტების დეფიციტი; მიწის არაეფექტური გამოყენება, კოოპერატივების განვითარების დაბალი დონე - იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დარგის განვითარებას აბრკოლებენ. ამ პრობლემების ფონზე USDA-ის კოჰრანის პროგრამის ფარგლებში ამერიკაში რძის წარმოებას და ინდუსტრიას 2 კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ ქართველი ფერმერები, მწარმოებლები, გადამამუშავებლები და ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული იდეებითა და გეგმებით შეიარაღებულები დაბრუნდნენ საქართველოში. რა არის აშშ-ში მერძეული სექტორის წარმატების მთავარი გასაღები? რა გზა გაიარეს ამერიკელმა მერძევე ფერმერებმა და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენ მათგან? ამ საკითხებზე ინტერვიუ ჩავწერეთ მისურის უნივერსიტეტის მერძეული მეცხოველეობის მეცნიერების მთავარ სპეციალისტთან, ექსტენციოლოგ დოქტორ ბერი სტივენსთან,რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.
რა იყო თქვენს ქვეყანაში მერძეული დარგის განვითარების მთავარი ინდიკატორი? რა გზა გაიარა ამ დარგმა წარმატებამდე?
მთავარი გასაღები ის არის, რომ ფერმერს საკუთარი საქმიანობა შემთხვევით არ აურჩევია, მას უყვარს საკუთარი პროფესია და ის ცხოველი თუ მცენარე, რომელსაც უვლის. ამასთან, სრულად აქვს გააზრებული, რასაც აკეთებს. ის თავის შესაძლებლობებს, თითოეულ ნაბიჯს და აქტივობას ფინანსური კუთხით ზომავს.ის მოემზადა ამ საქმიანობისთვის. თუ გინდა იყო წარმატებული მერძეული ფერმერი, კარგად უნდა ერკვეოდე ცხოველთა კვების, ვეტერინარიის, გენეტიკისა და მენეჯმენტის საკითხებში. ცხადია არის ობიექტური გარემოებები, რაც განსაზღვრავს ამა თუ იმ დარგის წარმატება-წარუმატებლობას. თუ ქვეყანაში არ არის ძლიერი საკვები ბაზა, არ არის გადაჭრილი ძირითადი ვეტერინარული საკითხები, არ არის პროდუქტიული ჯიშები და არ მიმდინარეობს ჯიშობრივი გაუმჯობესების პროგრამები, ცხადია, მხოლოდ ინფორმაციით შეიარაღებული საკუთარ საქმეზე გულანთებული ფერმერი წარმატებულ ბიზნესს ვერ შექმნის.
ჩვენს ქვეყანაში კოოპერატივები ახლადფეხადგმულია, შესაბამისად, ბევრია პრობლემა. როგორია აშშ-ში კოოპერატივების როლი? რა მხარდაჭერა ჰქონდა განვითარების გზაზე სახელმწიფოსგან და რა აქვს დღეს?
ეს არის მეორე მთავარი გარემოება წარმატებისკენ. ჩვენთან კოოპერატივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტო მერძეული მიმართულებით 130-მდე კოოპერატივი გვაქვს. ყველაზე დიდი კოოპერატივი 7700 წევრისგან შედგება და წლიურად იბარებს 18 მლრდ კგ რძეს. 2007 წლის მონაცემებით, კოოპერატივებმა ბაზარზე გაყიდეს 71% კარაქი, 96% უცხიმო და ნაღებმოცლილი რძის ფხვნილი, 26% ნატურალური ყველი და 42% მშრალი რძის პროდუქტები. გაერთიანება და კოორდინაცია არის უმთავრესი ფაქტორი განვითარებისთვის.
1930-50-იანწლებშიაიდგა ფეხი ჩვენთან კოოპერატივებმა და ეს იდეა ფერმერებმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს. თავდაპირველად იყო ბევრი მცირე ზომის კოოპერატივი და შემდგომ თავად ეს კოოპერატივები გაერთიანდნენ დიდ კოოპერატივებად. დღეს თითქმის ყველა ფერმერი არის კოოპერატივის წევრი. ეს ფერმერს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეს ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას მისცემს იმოქმედოს ჯგუფურად და ჰქონდეს მარკეტინგული გეგმები, ისაუბროს გაბედულად საკუთარ პრობლემებზე და იდგეს მყარად. ხელისუფლება უსმენს კოოპერატივებს. ფაქტობრივად, კოოპერატივში გაერთიანებულ ფერმერს არ უწევს დამოუკიდებლად ზრუნვა გასაღების ბაზარზე, საფასო პოლიტიკაზე, ფინანსურ დაგეგმარებაზე, მარკეტინგულ საკითხებზე, რისკმენეჯმენტზე და სხვ. მისი მთავარი ამოცანაა აწარმოოს მეტი ხარისხიანი რძე და იყოს ბაზრის სტაბილური მიმწოდებელი.
ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოთ გაერთიანებისკენ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან 1950 წელს, თუკი ფერმების 68% იყო ჩართული რძის წარმოებაში, დღეს მხოლოდ 3%. ანუ მიზანმიმართულად მოხდა გამსხვილება. ფერმერთა დიდი წილი მოდის საოჯახო და მცირე მეურნეობებზე, თუმცა, ისინიც გაერთიანებული არიან კოოპერატივებში. რძის მწარმოებელი ფერმების 32% არის 20 სულამდე, 22% – 50 სულამდე, 23%– 100 სულამდე, 6% – 500მ მდე, 6% კი 500 და ზემოთ.
ჩვენი მთავარი გამოწვევაა მაქსიმალურად შევამციროთ რძის პროდუქტების (ყველაზე მეტად შემოდის ყველი) ექსპორტი და გავზარდოთ ფურის პროდუქტიულობა. ამ მხრივ სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გენეტიკურ მეცნიერებას, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს ჯიშები. ასევე, ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვას. ჩვენთან საშუალო წლიური ნამატი რძის წარმოებაში 1.7%-ია. ვვარაუდობთ, რომ მალე 2-3% ზრდა გვექნება. აღმავალი ტრაექტორია მიგვითითებს მომხმარებელთა ნდობასა და რძის პროდუქტების სარგებლიანობაზე.
დღეს ჩვენთან ერთი ფურის საშუალო მონაწველი 10-11 ტონაა. 1924 წელს კი მხოლოდ 1,8 ტონა იყო. სწორედ ჯიშობრივი გაუმჯობესების პროგრამებისა და ახალი ტექნოლოგიების გზით გავზარდეთ პროდუქტიულობა. 2014 წლის მონაცემებით, აშშ-ში 9,3 მილიონი ძროხა იყო და წარმოებული რძე 93.4 მილიონ ტონას შეადგენდა.
რამდენად მნიშვნელოვანია განათლების ინსტრუმენტი დარგების განვითარებისთვის? განათლების რა სისტემა მუშაობს ფერმერებისთვის და სპეციალისტებისთვის? რას იტყვით ექსტენციის ცენტრებზე?
ყოველწლიურად კოოპერატივები უდიდეს დროს და ფულს ხარჯავენ ფერმერების განათლებისთვის. ორგანიზაციის სტრუქტურა ისე არის ჩამოყალიბებული, რომ ყველა წევრს აქვს ხმის უფლება, ისინი ჩართულები არიან ორგანიზების საქმეში. კოოპერატივი განათლებას აძლევს რძის ფერმის მუშიდან დაწყებული მაღალი რგოლის თანამშრომლით დამთავრებული ყველას. რა თქმა უნდა, თავისი, განსაკუთრებული ადგილი აქვს უნივერსიტეტს, რომელსაც ყველა ინტერესების გათვალისწინებით აქვს საგანმანათლებლო პროგრამები.თუ ფერმერს უნდა განათლება, მას მრავალფეროვანი შეთავაზება აქვს, როგორც თეორიულ, ისე - პრაქტიკულ ნაწილში. აქ მსხვილი ფერმები, საწარმოები თავის როლს ასრულებენ, ისინი მაქსიმალურად გახსნილები არიან და ეხმარებიან დამწყებ ფერმერებს ცოდნის მიღებაში, ცდილობენ მაქსიმალური გაუზიარონ. ექსტენციის ცენტრები ცალკე თემაა, ისინი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობენ, რომლებიც შეიარაღებულნი არიან ინფორმაციებით და ფერმერებს ადგილზე ეხმარებიან. ექსტენციის ინფორმაციით შეიარაღებაში ბევრი სტრუქტურაა ჩართული, განსაკუთრებით სამეცნიერო მიმართულების. შემუშავებულია კონკრეტული გაიდლაინები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ ფერმები. ასევე, გვაქვს ონლაინ სისტემები, რომლებიც ფერმერთა ინფორმირებულობას უზურნველყოფს. ეს სისტემები თითქმის ყველა ფერმერს აქვს მობილურში.
განათლებულმა ფერმერმა იცის, როგორ მოუაროს ძროხას, როგორ დავაბალანსოთ საკვები რაციონი, როგორ გავაკეთოთ საძოვრების როტაცია, როგორ გავზარდოთ მცენარის ნაყოფიერება, სასუქების გამოყენების ეფექტური სქემები და ა.შ. ფერმერები ყველაზე მჭიდრო კავშირში ნუტრიციოლოგებთან და ვეტერინარებთან იმყოფებიან.
ჩვენთან კარგი პრაქტიკაა, როცა თავად ფერმერი აწყობს სადემოსტრაციო დღეებს, ეპატიჟება სხვა ფერმერებს და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. ესეთი მიპატიჟებები ჩვენთან საკმაოდ აქტუალურია და ფერმერებს უყვართ. ეს განათლების ერთიან ჯაჭვში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.
გირჩევდით, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ ფერმერთა განათლებასა და ექსტენციის ცენტრებს, ყველაფერი სწორედ განათლებით იწყება. განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ შუალედური საუნივერსიტეტო ბაზის გაძლიერებას. გვახსოვდეს, რძის ხარისხი დამოკიდებულია ფერმერის განათლებაზე.
როგორია საფინანსო სექტორების მხარდაჭერა სოფლის მეურნეობაში?
ცალკე ბანკია კოოპერატივებისთვის. ისინი იღებენძალიან დაბალპროცენტიან სესხებს, რათა განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო აღჭურვილობები, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა რძის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია.
დღესდღეობით სოფლის მეურნეობა მოითხოვს დიდი მოცულობის სესხს, ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი 5-6%-ია. სამთავრობო ორგანიზაცია „ფერმერთა საკრედიტო ცენტრიც“ გასცემს სესხებს. პირველად ფერმერი მიდის ადგილობრივ ბანკში სესხის მისაღებად, თუ ბანკი სესხს არ გასცემს, ისინი გადახედავენ ბიზნესს გეგმას და შეეცდებიან ფერმერს სესხის აღებაში დაეხმარონ. კოოპერატივებს შეუძლიათ სამეურნეო სესხების გაცემა, საპროცენტო განაკვეთი კი ბანკის ანალოგიურია. „ფერმერთა საკრედიტო ცენტრი“ ეხმარება სტიქიით დაზარალებულ ფერმერებსაც.
მერძეული დარგის ცალკე ხელშეწყობის პროექტები აქვს მთავრობას. ჩვენი მთავარი საზრუნავია, მაქსიმალურად შევამციროთ რძის პროდუქტების იმპორტი, გვქონდეს მაღალი თვითუზრუნველყოფა და გავზარდოთ ექსპორტი. აშშ ეძებს ყველაზე მომგებიან გამოსავალს ამ სიტუაციაში, ამიტომ ნატურალური რძის წარმოება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, სადაც ყველა კომპეტენტურ სექტორს თავისი წილი როლი და პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან ახალი ზელანდია და კანადა. 2015-2016 წლებში ჩვენი იმპორტი ბევრად დაბალია, ვიდრე ექსპორტი, თუმცა, გვქონდა უკეთესი წლებიც 2013-2014-ში, როცა 7 მლრ ექსპორტი განვახორციელეთ. დღეს გვაქვს 5,5 მლრდ-ს ექსპორტი, იმპორტი კი 3,5 მლრდ. იმპორტის 49,4% ყველზე მოდის, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად განვითარდეს ყველის წარმოება.
არსებობს ასეთი ორგანიზაცია "ფერმერთა კრედიტ სერვისი",
ის წარმოადგენს მთავრობას და აფინანსებს ფერმერებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ეხმარება სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს.
რას იტყვით სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერაზე?
მერძევეობის პოლიტიკა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: ფასების მხარდაჭერა, რძით ვაჭრობის ფედერალური წესრიგი, რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტზე მასტიმულირებელი პროგრამები და სატარიფო კვოტები რძის იმპორტზე. ამ ძირითად კომპონენტებზე დგას ჩვენი დარგი.
დღეს ჩვენთვის აქტუალურია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა, რა მხარდაჭერა აქვთ ამ მხრივ ფერმერებს აშშ-ში? ჩვენ ვნახეთ, რომ რძის ყველა გადამამუშავებელ საწარმოს აქვს დანერგილი ჰასპი. რა დროს დასჭრიდა ქვეყანას ჰასპის რელსებზე გადასასვლელად?
რა თქმა უნდა, ჩვენ ვნერგავთ ჰასპს გადამამუშავებელ საწარმოში, არის სხვა სტანდარტებიც. თავად მეწარმე ორიენტირებულია აწარმოოს მაღალი ხარისხის უვნებელი რძე. ჩვენთან სხვადასხვა შტატში სხვადასხვაგვარად რეგულირდება ინსპექტირების ვადები და მაინსპექტირებელი უწყების როლი. მაგალითად, მისურის შტატში ამ საკითხს მერძევეთა საბჭო კურირებს. საწარმოებს ამოწმებენ 3 თვეში ერთხელ. ჩვენ გვაქვს კონტროლის სისტემა საოჯახო ფერმებშიც.
ჰასპის სტანდარტებზე გადასვლისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. ეს არის თანმიმდევრული, გააზრებული და მიზანმიმართული ნაბიჯების ერთობლიობის შედეგი. ეს არის უწყვეტი ჯაჭვის პრინციპზე დაფუძნებული სისტემა, რომლის დანერგვას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა. ძალიან ბევრი რგოლი უნდა მუშაობდეს ეფექტურად და გამართულად. იგივე დაბალპროცენტიანი სესხები მიზმნიმართულად უნდა გაიცეს იმ საწარმოებზე, რომლებიც აპირებენ ჰასპის სისტემის დანერგვას. ამერიკის რეგულაციები ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირისა. ახლა კიდევ უფრო გამკაცრდა ფედერალურ დონეზე.
ჩვენთან რძის ინდუსტრია ასევე ყურადღებით აკონტროლებს იმპორტირებული პროდუქციისა და ინგრედიენტების ხარისხსა და მდგომარეობას, რათა მომხმარებლები ყველა მიმართულებით იყვნენ დაცულები.
თუ გინდათ საბოლოო შედეგი, პირველადი მწარმოებლების განათლება უმნიშვნელოვანესია. უვნებელი სურსათის წარმოება კულტურის ნაწილი უნდა გახდეს.
რა როლი და პასუხისმგებლობა აქვს მედიას სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში?
საკმაოდ მაღალია მედიის ჩართულობა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში. იგივე მისურის უნივერსიტეტის მაგალითზე გეტყვით, რომ სტუდენტების, მომავალი ჟურნალისტების 25% ითხოვს აგროთემატიკის მოდულების გავლას. ცალკე მიმართულებაა აგროკოლეჯებში აგროჟურნალისიტიკის მოდულები. ეს უკანასკნელი ბევრად ეფექტურია, როცა დარგის სპეციალისტი სწავლობს ჟურნალისტურ უნარებს და ხდება კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული რეპორტიორი, ანალიტიკოსი.
ჩვენ გვაქვს ფერმერთა გაზეთები, სატელევიზიო პროგრამები, ინტერნეტი. ფერმერები არ კითხულობენ ძალიან დიდი მოცულობის სტატიებს. ჩვენთან სტატიები ძირითადად ფერმერის დახმარებაზე და რჩევაზეა ორიენტირებული. აგრომედია ფერმერის ყველაზე კარგი მეგზურია.
რუსუდან გიგაშვილი
"მომავლის ფერმერი"
www.agro.ge