თენგიზ ოდიშვილი "მომავლის ფერმერია". მან აქტიური ფერმერული საქმიანობა დაახლოებით 3-4 წლის წინ ბოცვრების საჯიშედ გაზრდითა და გამოყვანით დაიწყო. ბოცვრების გაზრდა მისთვის უცხო არ ყოფილა, რადგან ბებია-ბაბუასთან ერთად მათ მოვლაში ბავშვობიდან იყო ჩართული. სკოლის დამთავრების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეეცადა ამ საქმიანობისთვის გაერთმია თავი. შემდეგ იყო რამდენიმე სამსახური, თუმცა მალე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. გაეცნო ლიტერატურას და როგორც თავად ამბობს, „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტების მეშვეობით საფუძვლიანად შეისწავლა ბოცვრის გაზრის ტექნოლოგია.
თენგიზს ბოცვრების ფერმა პატარა გლდანში, საცხოვრებელთან აქვს მოწყობილი. დღეს მის ყოველდღიურ საზრუნავს 150-მდე ბოცვერი წარმოადგენს. მათ შორისაა: ვენური ცისფერი, რექსი, ახალზელანდიური, კალიფორნიული, გოლიათი, პეპელა, ბელგიური ფლანდრი, გერმანული რიზერი, შტოკერი, ოქროსფერი ბურგუნდიული ჯიშის ბოცვრები. ახალგაზრდა ფერმერი დაუზარებლად უკვალავს გზას იმ ფერმერებს, ვინც ბოცვრების მოშენება-გამრავლებას ცდილობს.
გარდა ბოცვრებისა, მის ფერმაში ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, მაგრამ განსხვავებული სახეობის ფრინველებსაც შეხვდებით. კერძოდ, ამერიკულ ბრამსა და აფრიკულ არაუკანს. ამერიკული ბრამის ჯიშის ქათამი განსაკუთრებულად ლამაზია და 6 - დან 7 კილომდე იზრდება. აფრიკული არაუკანი კი უქოლესტერინოა. მისი ხორციც და კვერცხიც დიეტურია. კვერცხი მწვანე შეფერილობისაა და ამით უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ჰყავს შინაური ქათმებიც. კვერცხს უმეტესად საინკუბაციოდ ჰყიდის.
თენგიზს სიამოვნებას ანიჭებს საქმე, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებს და ოჯახის რჩენასაც თავისი ფერმერული საქმიანობის შედეგად ახერხებს.
„ბოლო 2 წელია მოსახლეობა დაინტერესდა ბოცვრის მოშენებით, თუმცა ბევრი ვერ რისკავს, იმის შიშით, რომ შეიძლება ბოცვერი დაეხოცოთ და ზარალი მიიღონ. ფერმერობა ადვილი არ არის... თუ მხოლოდ შემოსავლის გამო გსურს, რომ ბოცვერი იყოლიო, ასე შედეგს ვერ მიაღწევ. სხვანაირი მიდგომა, ცხოველის სიყვარულია საჭირო და ისიც დაგემორჩილება. ბოცვერი მალე მრავლდება, მაგრამ დაავადებებიც ადვილად იჩენს თავს. ამ დროს მისი დაკვლა გამოსავალი არაა, რასაც უმეტესად აკეთებენ. უნდა უმკურნალო მათ და თუ სიყვარულით უვლი და ხედავ როგორი მზრუნველობა, დედობრივი გრძნობა აქვს ბოცვერს თავისი ბაჭიების მიმართ, ადამიანსაც შეგეცვლება დამოკიდებულება,“ - ამბობს ფერმერი, რომელიც სამომავლოდ ბოცვრის სახორცედ მოშენებასაც გეგმავს.
თენგიზ ოდიშვილი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რასაც დღეს დამწყები მებოცვრე ფერმერები აწყდებიან. მისი აზრით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაეხმაროს ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს და მისცენ დაბალპროცენტიანი სესხი. საჭიროა ტერიტორია, კაპიტალური გალიების მოწყობა და უფრო მეტი ადამიანი გაბედავს ბოცვრის მოშენებას, აღარ იყიდიან გაყინულ პროდუქტს, გაუჩნდებათ შემოსავალი და ოჯახის რჩენაშიც დაეხმარებათ.
"ბოცვერს დაბალი იმუნიტეტი აქვს. დაავადებები ადვილად ვრცელდება. საქართველოში, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ გვაქვს ისეთი წამლები, რომ ყველა დაავადებას დროულად კურნავდეს. შეიძლება მისი გაზრდისას ყველა წესს იცავდე, მაგრამ როცა სისხლის ასარევად სხვისი ბოცვერი მოგყავს მისგან გადაედოს რაიმე.
საქართველოში ბოცვრის ბოლომდე ათვისება არ ხდება. ხორცის რეალიზაცია 50%-მდეა, ქონი იშვიათად აინტერესებთ. არ ვიყენებთ მის ბეწვს, ევროპის ქვეყნებში კი მას ფაბრიკებში ამუშავებენ. ასევე, კურდღლის თავებისგან ძვირადღირებულ წებოს ამზადებენ. საკუთარი სახსრებით ამის გაკეთება ძალიან რთულია. ეს მიმართულებებიც რომ იყოს ჩვენთან განვითარებული, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, რადგან ბოცვერი სხვა ცხოველებთან შედარებით ფინანსურად მომგებიანია.
ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას, მებოცვრე ფერმერები ერთმანეთში მუდმივად ვცვლით ინფრომაციას, თუ როგორ შეებრძოლნენ კონკრეტულად ამა თუ იმ დაავადებას. თუმცა, ეს საკმარისი არაა. საწყის ეტაპზე დიდი ცოდნა მივიღე "მომავლის ფერმერის" ვეტკონსულტანტების დახმარებით, რაც პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვნად დამეხმარა და ბევრჯერ დროულად დავაღწიე თავი ამა თუ იმ გავრცელებულ დაავადებას. დღეს ყველა დამწყებს მივასწავლი ამ ორგანიზაციას, რადგან ვიცი მათგან მიღებული კომპეტენტური რჩევებით არავინ დაზარალდება", - აღნიშნავს 33 წლის ფერმერი და დამწყებებს ურჩევს თავდაპირველად რამდენიმე ბოცვერი შეიძინონ, შეისწავლონ მათი გაზრდის ტენოლოგია, შეეჩვიონ და ნელ-ნელა გაამრავლონ. ბოცვერი წყნარი და მშვიდი ცხოველია. მარტო გალიაში ჩასმა და გამოკვება საკმარისი არაა. მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება.