რქაწითელი ფართოდაა გავრცელებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს შეიძლება აიხსნას კლიმატურ პირობებთან კარგი შეგუებლობით, ჯიშისთვის დამახასიათებელი მაღალი სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებებით, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაღალი მაჩვენებლით.
რქაწითელი თეთრყურძნიანი საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდის ვაზის ჯიშია. ჯიშის დამახასიათებელია ყლორტების ვერტიკალური განვითარება რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს შპალიერზე ყლორტების ახვევასა და სამუშაო ოპერაციებს. სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა, განსაკუთრებით - ნაცრის მიმართ. სხვა ჯიშებთან შედარებით რქაწითელი უკეთეს გამძლეობას იჩენს ფილოქსერას მიმართ. საკმაოდ გამძლეა გვალვებისა და ყინვებისადმი.
მისი ნორჩი ფოთოლაკები შებუსულია მოთეთრო ფერის ბეწვისებური ბუსუსით, რომელიც შემდგომ ფოთლებზე მცირდება. ზრდასრული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანია. ზედა ამონაკვთი უფრო ხშირად საკმაოდ ჩაჭრილია და ღია ჩანგისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. გვხვდება უფრო ღრმა და დახურული ამონაკვთებიც. ქვედა ამონაკვთი ღიაა და მცირედ არის ჩაჭრილი. ფირფიტის ზედა მხარე ბადისებრდანაოჭებულია. ფოთლის ყუნწის ამონაკვთი ღრმა და ღია ჩანგისებრია მახვილი ფუძით. ზოგჯერ განიერ თაღისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით.
ყვავილი ორსქესიანი და ნორმალური აგებულებისაა. ვაზზე სანაყოფე ყლორტები 80-90%-მდეა. მტევანი ოვალური ფორმის საშუალო სიდიდისაა და ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, მხრიანი, მხრის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს; ზოგჯერ გვხვდება წვრილი, განუვითარებელი მარცვლები. სანაყოფე რქაზე 1,3-1,4 მტევანია, მტევნის საშუალო წონა 160-250 გრ-ია. სრულ სიმწიფეში იღებს ლამაზ შეფერვას, მოვარდისფრო - ბრინჯაოსფერი იერით; კანი თხელი და მკვრივია, რომელიც რბილობს ძნელად სცილდება. რბილობი ხორციანი და წვნიანია. რქაწითელისთვის დამახასიათებელია სასიამოვნო, ტკბილი ჯიშური არომატი. მარცვალში ერთიდან ოთხცალამდე წიპწაა, უმეტესად ვხვდებით 1-2 წიპწას. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 20-24% აღწევს, 7-8გ/ლ-მდე მჟავიანობის შენარჩუნებით.
კახეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის, ხოლო ქართლში - სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში.
აღსანიშნავია ვარდისფერი რქაწითელი - კვირტის ვარიაცია, რომელიც გამოვლენილია 1948წ. სელექციონერ ვ.რ. ლოლაძის მიერ. რქაწითელთან შედარებით რქა და ფოთოლი ერთნაირი აქვთ. გემური თვისებების გარდა, ნაყოფი მხოლოდ ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან.
გასულ წლებში ალავერდის მონასტრის მარანმა ვარდისფერი რქაწითელის ღვინო დააყენა. მათი აზრით მას კარგი პოტენციალი აქვს.
რქაწითელისგან ამზადებენ სხვადასხვა მარკის მაღალხარისხოვან ღვინოებს: წინანდალი, კარდენახი, გურჯაანი, ვაზისუბანი და სხვა.
ნინო ჭიორელი
"მომავლის ფერმერი"