გაიცანით 29 წლის ვეტერინარი ნატო ფერაძე
 30/08/2016
გაიცანით 29 წლის ვეტერინარი ნატო ფერაძე, რომელიც მე-8 წელია "ფერმა მარგებელში" მუშაობს და მის ყოველდღიურ საზრუნავს შვიცები, წითელ-ჭრელი და შავ-ჭრელი ჰოლშტეინები წარმოადგენს.
"მომავლის ფერმერი" აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.

გაიცანით 29 წლის  ვეტერინარი ნატო ფერაძე, რომელიც მე-8 წელია "ფერმა მარგებელში" მუშაობს და მის ყოველდღიურ საზრუნავს შვიცები, წითელ-ჭრელი და შავ-ჭრელი ჰოლშტეინები წარმოადგენს. ნატოს ვეტერინარული საქმიანობა ფერმაში სხვადასხვა დროს იწყება და მთავრდება, რადგან იმ დროს როცა სამუშაო საათი ოფიციალურად სრულდება, შეიძლება კონკრეტულ ძროხას მშობიარობა დაეწყოს და  ფერმაში დარჩენა შუაღამემდეც მოუწიოს. ახალგაზრდა ვეტერინარი მთელი თავისი მონდომებითა და შესაძლებლობითაა გადართული პროფესიულ საქმიანობაში. "ქალი - ფერმერი, ქალი - ვეტერინარი. რატომ არ შეიძლება ქალი იყოს ფერმერი ან ვეტერინარი თუ კაცი შეიძლება იყოს?!
მართალია, ქალისთვის უფრო რთულია ამხელა ცხოველებთან მუშაობა, მაგრამ მთავარია მონდომება, სურვილი და შეუძლებელი არაფერია," - ამბობს ნატო ფერაძე.

მეძროხეობით მას შემდეგ დაინტერესდა რაც ფერმაში პრაქტიკები დაეწყო. მანამდე ძროხა მისთვის ცოტა უცხო იყო, მათი ეშინოდა კიდეც და ყველას გაუკვირდა, როდესაც ამ სფეროში მუშაობა გადაწყვიტა. თუმცა, დღეს ის წარმატებული ქალი ვეტერინარია და სამომავლოდ სურს მეტად განვითარდეს.

"როდესაც ამ ფერმაში მოვედი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე პირადი დაკვირვებებით, სხვისი დახმარებით. შვეიცარიელ ვეტერინარებთან გვქონდა ურთიერთობა და მათაც სასარგებლო ცოდნა გაგვიზიარეს. ჩვენ გვყავს მაღალპროდუქტიული სულადობა, რომელთაც მუშაობის განსხვავებული სტილი სჭირდებათ. მუდმივად უნდა იყო ფერმაში, გქონდეს მეთვალყურეობა, უნდა იცოდე ყველა ძროხის ხასიათი, რადგან როგორც ადამიანის ხასიათი, ისე თითოეული ძროხის ხასიათი განსხვავდება ერთმანეთისგან.  ესენი ჩამოყვანილი არიან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არაა გავრცელებული ისეთი დაავადებები, რაც საქართველოში გვხვდება. საქონლის ჯანმრთელობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უნდა ჩატარდეს გეგმიური გამოკვლევა, ყოველწლიურად ვაქცინაცია,   რადგან  ცხოველები სხვადასხვა დაავადებებისგან დავიცვათ.

დილას ფერმის დათვალიერებით ვიწყებთ, ხდება საქონლის შემოწმება, შეიძლება გვყავდეს ახალი ხბოც. საჭიროების შემთხვევაში მიმდინარეობს მკურნალობა, ოპერაციები, ხელოვნური განაყოფიერება და ა. შ. ჩვენთან ძროხები დღეში ორჯერ იწველება და ხდება მუდმივი კონტროლი როგორც წველის პროცესში, ისე - დაავადებებზე, მასტიტების შემთხვევებზე. თვეში ორჯერ ვაკეთებთ ფარულ მასტიტებზე შემოწმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ქარხანა რძეს არ მიიღებს, თუ ის დაბინძურებულია,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა ვეტერინარი.

ნატო ფერაძე პროფესიული კადრების ნაკლებობაზე საბრობს და მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ვეტერინარების ჩართულობა საჭიროა დარგის განვითარებისთვის. აუცილებელია ქვეყანაში განვითარდეს მეცხოველეობა, კერძოდ მეძროხეობა, რადგან განვიცდით რძის ნაკლებობას, არ გვყავს მაღალპროდუქტიული სულადობა. მისი აზრით, თუ კარგი სპეციალისტები გვეყოლება, განვითარდება ფერმები, რის შემდეგაც გვეყოლება ჯანმრთელი სულადობა.

"დღეს საქართველოში მეცხოველეობა ნელ-ნელა ვითარდება, მით უმეტეს, კულტურული მეძროხეობა რასაც ჰქვია. ბევრი ფერმა იქმნება, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის კადრი. ახალგაზრდებს ძროხასთან მუშაობა ნაკლებად აინტერესებთ. მიდრეკილება აქვთ უფრო ძაღლის, კატის, ლაბორატორიისაკენ.

2009 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან  მაქვს ურთიერთობა და  სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დაინტერესება ნაკლებია.  სახელმწიფოდან დაწყებული უნივერსიტეტით დასრულებული, ყველა რგოლი უნდა შეეცადოს ვითარების შეცვლას. პირველი კურსიდან პრაქტიკები სავალდებულო უნდა იყოს. როდესაც სტუდენტი გარკვეულ სალექციო კურსს იწყებს, ლექციები კონკრეტულად ძროხასთან უნდა ტარდებოდეს, არ შეიძლება ცარიელ აუდიტორიაში ისწავლო ვეტერინარია. ეს პრაქტიკულად  შეუძლებელია და ჩემი მაგალითიდან გამომდინარეც ვამბობ. როდესაც მუშაობა დავიწყე, ძალიან გამიჭირდა, ძროხასთან ნამუშევარი პრაქტიკულად  არ მქონდა. დღეს სტუდენტებს ამის საშუალება აქვთ. ჩვენი ფერმის სახით ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია მოვიდეს და რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, რაც ვიცით და შეიძლება სხვა ფერმებში მუშაობისას გამოადგეთ, შეგვიძლია ვასწავლოთ," - ამბობს "ფერმა მარგებელის" ვეტერინარი.

აირჩიე პროფესია ვეტერინარი და არგე შენს ქვეყანას!