ეთო სარალიძე "მომავლის ფერმერია". მან ფერმერული საქმიანობა 4 წლის წინ დაიწყო, საცხოვრებლად თბილისიდან კუმისში გადავიდა, შეიძინა ინკუბატორი და ბროილერის ქათმების მოშენებას შეუდგა. ქალაქში გაზრდილი ქალისთვის სოფლის ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა ადვილი არ ყოფილა. მით უმეტეს, რომ თავისი ყოველდღიური ცხოვრება ფრინველებისა და ცხოველების მოვლას დაუკავშირა.
ფერმერი ეთო ამჟამად ფოლადაანთკარში ცხოვრობს. ჰყავს 14 ღორი, ძროხები, ხბოები, ქათმები, იხვები, ინდაურები... აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს: რძეს, მაწონს, ყველს და მათ რეალიზებას ადგილობრივ მაღაზიასა და მაცხოვრებლებში ახდენს.
„თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ვიყავი გაზრდილი. ძროხისთვის „თითი არ მქონდა დადებული“, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. ყველას გაუკვირდა ჩემი სოფელში წასვლა და ფერმერობა. ცხადია, ფინანსური დაინტერესებაც მქონდა. მეუღლესთან ერთად კუმისში წავედი საცხოვრებლად და 2 000-2 500-მდე ბროილერის წიწილა მოვაშენე. ვფიქრობდი, ვიცოდი მათი გაზრდის წესი. მოულოდნელად კი ქათმების დიდი ნაწილი დაგვეხოცა. საკუთარი ძალებით ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდით. „მომავლის ფერმერს“ მივმართეთ და მათი კონსულტანტების საფუძვლიანი გამოკვლევის დახმარების წყალობით დაავადების მიზეზიც დავადგინეთ. მას შემდეგ ყოველთვის ვიცი ვის უნდა მივმართო. წიწილებიდან წამოვიდა უფრო მეტი სიყვარული ამ საქმის მიმართ. უწყლობის გამო კუმისიდან ფოლადაანთკარში გადმოვსახლით და სახლთან მცირე ფერმა მოვაწყე. მყავს უკრაინული მსხვილფეხა ჯიშის ღორები, საქონელი. მათი მოვლა დიდ შრომას მოითხოვს და თუ ადამიანი შრომისმოყვარე არაა, ის ამ საქმისგან შორსაა. აუცილებელია საჭირო თანხაც, თუ საქონელს საკვები ან საჭირო პრეპარატი დააკელი, დიდ ზარალზე წახვალ,“ - ამბობს ფერმერი.
ეთო სარალიძეს სამომავლოდ სურს თავისი ფერმერული საქმიანობა გააფართოოს და მიიღოს პროფესიული განათლება. მიიჩნევს, რომ საქმის სიყვარულთან ერთად აუცილებელია ცოდნა, რათა ფერმერმაც შეძლოს თავისი ცხოველებისა თუ ფრინველებისთვის დროული დახმარების გაწევა.
გახდი "მომავლის ფერმერი"