ასოციაცია „მომავლის ფერმერმა“ შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული HEKS/EPER ს სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის, MOLI კახეთში მხარდაჭერით კახეთის რეგიონში დაიწყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰელმინთოზურ დაავადებათა ეპიზოოტიური მდგომარეობის შესწავლა. ამ მიზნით გამოკვლევას ექვემდებარება ის პირუტყვი, რომელსაც მოსახლეობა საძოვრულ პირობებში ინახავს. 7 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საძოვრებზე აღებულ იქნა 15-15 კოპროლოგიური სინჯი, რომელთა ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა „ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის“ ლაბორატორიაში. მას შემდეგ, რაც კოპროლოგიური გამოკვლევები ჩატარდება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში და დადგინდება ჰელმინთოზურ დაავადებათა ეპიზოოტიური სიტუაცია, მომზადდება რეგიონში უპირატესად გავრცელებული ჰელმინთების საპროგნოზო რუკა.
აღნიშნულ კვლევაში ჩართულები არიან ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ მეცნიერები და სპეციალისტები. პროექტის განხორციელებას კონსულტირებას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი შადიმან ფოცხვერია, ხოლო ლაბორატორიულ მხარდაჭერას ახორციელებს „ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის“ ლაბორატორია.
კახეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰელმინთოზურ დაავადებათა ამჟამად არსებული ეპიზოოტიური სიტუაციის შესწავლის, უპირატესად გავრცელებული ჰელმინთების დადგენისა და ახალი რუკის შედეგენის საფუძველზე შემუშავდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰელმინთოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ და სამკურნალო ღონისძიებათა გეგმები, პირუტყვის დეჰელმინთიზაციის ახალი სქემები, განისაზღვრება თანამედროვე ჰელმინთოციდური პრეპარატების ეფექტიანობა, ჩატარდება შესაბამისი ტრეინინგები ფერმერებისა და ვეტერინარებისთვის. ამ სამუშაოთა განხორციელება დაეხმარება ფერმერს სწორად დაგეგმოს ანტიჰელმინთოზური ღონისძიებები, უზრუნველყოს პირუტყვის ჯანმრთელობის დაცვა, და, შესაბამისად, მისი პროდუქტიულობის ზრდა და მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის ამაღლება.