ზვიად სანიკიძე „მომავლის ფერმერია“ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანიდან. 15 წელია ფერმერულ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ჰყავს 150 ოჯახი ფუტკარი. დაამთავრა სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის აგრობიზნესის ფაკულტეტი ფერმერული მეურნეობის მენეჯერის სპეციალობით, სადაც მეფუტკრეობას ასწავლიდა ნოდარ აბრამიშვილი, რომელიც თავს არ ზოგავდა არა მარტო ესწავლებინა სტუდენტებისთვის მეფუტკრეობა, არამედ შეეყვარებინა კიდეც. ზვიადის შემთხვევაშიც ასე მოხდა, სწავლის დამთავრებისთანავე სულიერი მოძღვრის, დეკანოზ პეტრეს (გიორგაძე) ხელშეწყობით მეფუტკრეობა დაიწყო. მისი თქმით, ქართულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქტებს დიდი პერსპექტივა აქვთ და ამ დარგით დაინტერესებულთა რიცხვი დიდია. ფიქრობს, რომ დღეს ფერმერობა ნამდვილად არ არის ადვილი, რადგან ერთი ადამიანისთვის რთულია საფუტკრეს მიხედოს, მოიძიოს ბაზარი და მიიღოს ცოდნა სიახლეებზეც...
„გამოსავალი გაერთიანება-კოოპერაციაა, საითაც ნაბიჯი წლების წინ გადავდგით და შევქმენით ს/ს კოოპერატივი "ორე ეტ ლაბორა" (ლოცვა და შრომა), რომელიც გაერთიანებულია მეორე დონის კოოპერატივ "თაფლი საჩინოში". დარგში უამრავი პრობლემაა, პირველ რიგში, თაფლოვანი მცენარეების ბაზის არქონა, სადაც არის ან სათანადო ინფრასტრუქტურა არაა მომთაბარეობისთვის, ან ტყე დაავადებულია და ხმობა აქვს დაწყებული; სერტიფიცირებული მედიკამენტების არასაიმედობა, რომლებიც დატესტილი არ არის, ინსპექტირება-დაავადებების კონტროლი, სათანადო განათლება ყველაზე დიდი და ვიტყოდი გლობალური პრობლემაა, ბაზრის ანალიზი და რეალიზაცია...
რეალიზებას ვახდენთ როგორც საბითუმო (80%), ასევე საცალო (20%) ვაჭრობით. ბიზნესი რომ განვითარდეს, აუცილებელია პროდუქცია იყოს მოთხოვნადი და გაყიდვადი. როგორც კი ქართულ ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა გაიზარდა, მოიმატა ფალსიფიკაციამ და დღეს თითქმის მთლიანი ბაზარი დაპყრობილი აქვს საეჭვო წარმომავლობის "თაფლს", რაც დარგს დაღუპვით ემუქრება... რაც შეეხება ექსპორტს, აზიაში დიდი მოთხოვნაა ქართულ თაფლზე (არაბული ქვეყნები, თურქეთი, ირანი ერაყი, სირია). კარგი იქნებოდა სახელწიფოს ჩართულობა ამ საკითხში... ქართულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქტებს დიდი პერსპექტივა აქვს თავისი უნიკალურობის გამო... უნიკალურობა მიკრო ზონებშია. ყველა სოფლის და კუთხის თაფლი განსხვავდება ერთმანეთისგან ფერით და გემოვნური თვისებებით, რადგან ჩვენთან ერთი სახეობის ტყე არ არსებობს... ჩვენ, ფუტკარი როგორც არ უნდა გავამრავლოთ, მსხვილი მიმწოდებლები (ერთგვაროვანი თაფლის) ვერ გავხდებით ვერც შიდა და გარე ბაზრისთვის... უფრო ნიშა უნდა გვეჭიროს ბაზარზე, როგორც მიკრო ზონაში მოყვანილი თაფლის...“ - აღნიშნავს ზვიად სანიკიძე.
ახალგაზრდა მეფუტკრის თქმით, დამწყებ ფერმერებს ხშირად იმედი უცრუვდებათ, მოლოდინი მეტი აქვთ და სწავლის სურვილი ნაკლები, არ ითვალისწინებენ რისკებს რომელიც ყველა საქმიანობას თან ახლავს.
„ზოგადად პროფესიული განათლების პრობლემა ყველაზე დიდი უბედურებაა რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს. მაგალითისთვის წლების წინ "ფერმერი-ფერმერს" პოგრამით ამერიკიდან ჩამოგვიყვანეს ტრენერი, 10 მეფუტრეც არ დადიოდა ლექციებზე... სახელწიფომ აუცილებლად უნდა წაახალისოს აგრობიზნესის სტუდენტები, უნდა გადამზადდნენ საზღვარგარეთ, მიიღონ სხადასხვა სასწავლო კურსებში მონაწოლეობა. მე mashav-ის კურსდამთავრებული ვარ, მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა შემდგომ საქმიანობაში,“ - ამბობს მეფუტკრე ფერმერი.
ზვიადი ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემასა და თანამედროვებაში ინტერნეტრესურსების აუცილებლობაზე საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტზე წვდომა თითქმის ყველას აქვს, სწორი და საჭირო ინფრმაციის და რჩევის მიღება მაინც ძნელია... ამ მხრივ ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინტერნეტპორტალი www.agroface.ge , სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა საჭირო ინფორმაცია, რასაც ანალოგი არ გააჩნია.”
ზვიადი დამწყებ მეფუტკრეებს ურჩევს, სწორად შეარჩიონ ზონა, სადაც აპირებენ ბიზნესის დაწყებას. აუცილებლად მიიღონ თეორიული განათლება, ერთი სეზონი გაატარონ წარმატებულ მეფუტკრესთან პრაქტიკულ სამუშაოებში და რაც მთავარია, უყვარდეთ ფუტკარი… თუ სწორად შეარჩევთ საქმიანობის სფეროს და სულსა და გულს ჩადებთ მასში, შედეგი აუცილებლად მოჰყვება...
ზვიად სანიკიძე აგროტურიზმითაა დაინტერესებული და იმედი აქვს, უახლოეს მომავალში დაინტერესებულ ტურისტებს შესთავაზებს აგროტურს, თუ რას აწარმოებდნენ ვანელები ანტიკური ცივილიზაციიდან დღემდე...
თეონა ნოზაძე