აგრომედიის, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების სპეციალური მიმართვა
 05/11/2018
ბოლო დროს მედიაში ხშირად ვრცელდება სოფლის მეურნეობის საკითხებზე არაკომპეტენტური და ზოგჯერ ცილისმწამებლური პუბლიკაციები.
ბოლო დროს მედიაში ხშირად ვრცელდება სოფლის მეურნეობის საკითხებზე არაკომპეტენტური და ზოგჯერ ცილისმწამებლური პუბლიკაციები. ბოლო ასეთი სტატია გამოქვეყნდა გაზეთ "ასავალ-დასავალის" 29 ოქტომბრის  #44(1249)-ში, სადაც ჟურნალისტი მეგი საჯაია აქვეყნებს ინტერვიუს ექიმ-თერაპევტ ჯაბა ტყემალაძესთან. ეს უკანასკნელი კი საუბრობს, თუ რამდენად მავნებელია მცენარეული ცხიმი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.  გაზეთის გარეკანზე გამოტანილია "შირაქის" მიერ წარმოებული "იმერულის" ფოტო, სადაც გარკვევით ჩანს ეტიკეტი და მასზე დატანილი ინფორმაცია. ეტიკეტზე გარკვევით წერია, რომ პროდუქტი  შეიცავს მცენარეულ ცხიმს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარული ცხიმი დაშვებულია გარკვეული კონცენტრაციით მსგავს პროდუქტებში, თუმცა მას ყველი არ ეწოდება. მეწარმეს არსად არ აქვს მითითებული, რომ პროდუქტი არის ყველი. რაც შეეხება სიტყების "იმერული", "ჭყინტი", "სახაჭაპურე" და მსგავსი, რომელიც ყველთან ასოცირებას იწვევს, მათი გამოყენება კანონით არ არის აკრძალული მიუხედავად ამ სფეროში ჩართული ბიზნესის მოთხოვნისა. ჟურნალისტი ან ვერ ერკვევა აღნიშნულ კანონმდებლობაში და უნებლიეთ შეყავს მკითხველი შეცდომაში, ან მიზანმიმართულად აყენებს ბიზნესს ჩრდილს.
 
იმ დროს, როდესაც აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ყოველდღიურად მრავალი სირთულის და ბარიერის რეჟიმში უწევთ მუშაობა, მედიის მხრიდან ასეთი წნეხი, კიდევ უფრო ამძიმებს მათ რეალობას. რძის სექტორში არსებული პრობლემები საკმაოდ სენსიტიურია და ასე ზედაპირული პუბლიკაციები, დარგს უფრო მეტ სირთულეს უქნის. ვფიქრობთ, ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ ან აპირებენ აგროსექტორის შესახებ სტატიების თუ სიუჟეტების მომზადებას, მინიმუმ თემატიკის გარშემო კანონის უმთავრეს მოთხოვნებს მაინც უნდა გაეცნონ.
 
განცხადების ავტორები მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს გავუწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მათთვის ჩამოყალიბდა აგროჟურნალისტთა ასოციაცია WWW.AGAJ.GE  აგრეთვე „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ WWW.AGRO.JRC.GE რომელთა საინფორმაციო პლატფორმებზეც ხშირად ქვეყნდება მედიისთვის ყოველდღიურად გამოსაყენებელი ინფორმაცია. ასევე, ჰყავთ დარგობრივი ექსპერტები.
 
მივმართავთ ყველა მედიაგამოცემას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ თითოეულ აგროინფორმაციას, ნუ მოახდენთ სიცრუის ტირაჟირებას, ნუ შეიყვანთ მკითხველს შეცდომაში, შეეცადეთ იყოთ მეწარმეების, ფერმერებისა და მომხმარებლებისთვის კარგი მედიატორები, დღეს მათ ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ.
 
აგროსექტორში მედიის, თითოეული ჟურნალისტის განვითარებასა და სიღმისეულ მიდგომებზე, ბევრად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება. თუ მედიას ეს გათავისებული და გაზიარებული არ ექნება, შედეგი ნამდვილად დაიგვიანებს.
 
იმედს ვიტოვებთ, „ასავალ-დასავალი“  კეთილგონივრულად მოეკიდება აღნიშნულ მიმართვას და იზრუნებს ჟურნალისტების კვალიფიკაციაზე.

პატივისცემით

"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია"
"ჟურნალისტიკის რესურსცენტრი"
"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია"
"ასოციაცია მომავლის ფერმერი"
"საქართველოს მერძევეთა ასოციაცია"
"რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია - საქრძე"