საქართველოს აგროჟურნალისტთა, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების სპეციალური მიმართვა
 06/02/2019
მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, მეწარმეთა ასოციაციები და მეორეს მხრივ სახელმწიფო, ცდილობენ მეწარმეები დაიცვან მერძევეობის სექტორში არსებული რეგულაციების ფონზე მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით წარმოჩენილი ინფორმაციებისგან, შედეგი მაინც დაბალია

საქართველოს აგროჟურნალისტთა, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების სპეციალური მიმართვა

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, მეწარმეთა ასოციაციები და მეორეს მხრივ სახელმწიფო, ცდილობენ მეწარმეები დაიცვან მერძევეობის სექტორში არსებული რეგულაციების ფონზე მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით წარმოჩენილი ინფორმაციებისგან, შედეგი მაინც დაბალია. კიდევ ერთი ცილისმწამებლური და ბიზნესისთვის დამაბრკოლებელი ფაქტი გუშინ გამოვლინდა, როცა გაზეთ „ასავალ-დასავალმა“ (#5 (1262, 4-10 ოქტომბერი, 2019 წ) კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მეგი საჯაიას ინტერვიუ ვინმე ჯაბა ტყემალაძესთან, რომელსაც გაზეთი ექიმად მოიხსენებს. ის ბიო რძისა და ბიო რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „შირაქს“ მოსახლეობის სიმსივნით დაავადებასა და სხვა ათასგვარ დანაშაულში სდებს ბრალს. ინტერვიუს ფოტოდ დართული აქვს „შირაქის“ ლოგო და ეტიკეტები. ექიმი ჯაბა ტყემალაძე ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციას და რძის ტექნიკურ რეგლამენტს აკრიტიკებს, მცენარეული ცხიმის გამოყენების მავნებლობაზე აქცენტს აკეთებს და ამ ყველაფერზე „შირაქის“ მაგალითით საუბრობს. მსგავსი ინტერვიუ „შირაქის“ ლოგოთი და ეტიკეტით „ასავალ-დასავალის“ 29 ოქტომბრის #44(1249)-შიც დაიბეჭდა, სადაც კვლავ მეგი საჯაიას ინტერვიუ იყო იგივე ჯაბა ტყემალაძესთან. ძველ გამოცემაშიც ექიმი სურსათის უვნებლობის კუთხით უსაფრთხოებასა და დაუცველობაზე საუბრობდა და მთავარ სადამსჯელო სუბიექტად „შირაქი“ ჰყავდა გამოყვანილი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ გაზეთს მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში მკითხველი. შეგახსენებთ, რომ „შირაქი“ ერთადერთი სერტიფიცირებული მწარმოებელია ბიომეცხოველეობაში, ბიორძეს აწარმოებს და წარმოებაში ნედლი რძის ყველაზე მაღალი წილი აქვს; აქვს საკუთარი ფერმები; იყო პირველი მწარმოებელი, რომელიც რძის ეტიკეტირების საკითხზე მუშაობისას „იმერულის“, „ჭყინტის“ და სხვა მსგავსი ტერმინების წინააღმდეგ გამოდიოდა; მხარს უჭერდა ქვეყანაში ტრანსცხიმების აკრძალვას. ამ ფონზე ასეთი ინტერვიუს გამოქვეყნება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ აქტთან.

იმ დროს, როდესაც აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ყოველდღიურად მრავალი სირთულის და ბარიერის გადალახვა უწევთ, მედიის მხრიდან მათ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო უმძიმებს რეალობას. თუკი გამოცემას სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებული პრობლემატიკა აინტერესებს, საშუალება აქვს მოამზადოს სიღრმისეული მასალა, რომელიც მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას მოემსახურება და არა რომელიმე კომპანიის დისკრედიტაციას.

განცხადებაზე ხელმომწერნი ვთვლით, რომ მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რათა არ მოახდინოს ბიზნესის შევიწროება და დემოტივაცია, რადგან მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

განცხადების ავტორები მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს გავუწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მათთვის ჩამოყალიბდა აგროჟურნალისტთა ასოციაცია, რომლის ვებგვერდზეც WWW.AGAJ.GE ხშირად ქვეყნდება მედიისთვის ყოველდღიურად გამოსაყენებელი ინფორმაცია. ასევე, ასოციაციას ჰყავს დარგობრივი ექსპერტები, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციაც არის ვებგვერდზე განთავსებული.

მივმართავთ ყველა მედიაგამოცემას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ თითოეულ აგროინფორმაციას, ნუ მოახდენთ სიცრუის ტირაჟირებას, ნუ შეიყვანთ მკითხველს შეცდომაში, შეეცადეთ იყოთ მეწარმეების, ფერმერებისა და მომხმარებლებისთვის კარგი მედიატორები, დღეს მათ ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ.

აგროსექტორში მედიის, თითოეული ჟურნალისტის განვითარებასა და სიღმისეულ მიდგომებზე, ბევრად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება. თუ მედიას ეს გათავისებული და გაზიარებული არ ექნება, შედეგი ნამდვილად დაიგვიანებს.

იმედს ვიტოვებთ, „ასავალ-დასავალი“ კეთილგონივრულად მოეკიდება აღნიშნულ მიმართვას. ასევე მივმართავთ მოამზადონ კვალიფიციური და სიღრმისეული მასალა რძისა და რძის პროდუქტების წარმოებისა თუ მათი რეგულირების პოლიტიკის შესახებ, რაშიც მზად ვართ დავეხმაროთ.

ამასთან, მივმართავთ ბიზნესომბუდსმენს და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას შესაბამისი რეაგირებისთვის.

ვთხოვთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რძის სექტორში არსებული რეგულაციების ფონზე გააქტიურონ მედიასთან კომუნიკაცია და განახლებული, კომპეტენტური ინფორმაციების მიწოდება.

 

პატივისცემით,

 

„საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია“

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია - “საქრძე“

„საქართველოს მერძევეთა ასოციაცია“