პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 26 ოქტომბერს, თბილისის იპოდრომზე გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ერთმანეთს შეეჯიბრა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“.
„მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება, რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.
მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიები და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლები, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკა და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებები, რომლებიც გამოფენილი იყო ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.
მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობდნენ: ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, სახელმწიფო სამსახურები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები. ამასთან, „მესაქონლეობის ექსპო“-ზე დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ერთ სივრცეში შეხვედრის და თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობაც მიეცათ.
გარდა ამისა, ექსპოზე მოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღეს ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.
ესტონეთიდან მოწვეულმა და ქართველმა ექსპერტებმა სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები შეაფასეს, როგორებიც არიან ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშები - მეგრული წითელი და წაბლა კავკასიური შეაფასეს. გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მესაქონლეობის ექსპო“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ფერმერებს დარგში არსებული მიღწევების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჯიშების და ტექნოლოგიების გაცნობას გულისხმობს. მოგეხსენებათ, მესაქონლეობის მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში. შესაბამისად, მოხარული ვარ საქართველოში პირველი მესაქონლეობის გამოფენის ორგანიზებით და იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად გამოფენის მასშტაბები და ღონისძიებაში ფერმერთა ჩართულობა ეტაპობრივად გაიზრდება“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში - ელიზაბეთ რუდმა მიმართა.
„მიხარია, რომ საქართველოში მესაქონლეობის პირველი გამოფენა იმართება, რომელიც ფერმერებს მათი ფერმერული შრომის საფუძველზე მიღწეული შედეგების წარმოჩენის და ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მესაქონლეობის მიმართულების განვითარებით ქვეყანაში მდგრადი ეკონიმიკის მშენებლობის პროცესს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი, წამყვანი ფინანსური ინსტიტუცია საქართველოში; ოქროს სპონსორი - ნუტრიმაქსი, ცხოველთა ინოვაციური საკვების მწარმოებელი კომპანია; ვერსხლის სპონსორი - სანო, გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში.