აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით "მომავლის ფერმერმა" ბათუმში, სასტუმრო "მონარქში" მავნებელთა ინტეგრირებული მართვისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის არაფორმალური სასწავლო მოდულები და პროფესიული პროგრამა წარადგინა.
ღონისძიების მიზანი იყო კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული მავნებელთა ინტეგრირებული მართვის მოდულებისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის არაფორმალური სასწავლო პროფესიული პროგრამის წარადგენა.
აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორებმა, ბატონებმა ბილ ერისიანმა და იაკობ ვენგერმა, ღონისძიებაზე მომზადებული სასწავლო მასალები და მოდულები სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციების წარმომადგენლებს გააცნეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022 წლის შემოდგომის მიწურულს დაინტერესებულ პირებს ახალ, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიულ პროგრამაზე მიღებას შესთავაზებს.
პროგრამაზე სწავლა უფასო იქნება და სახელმწიფო და კერძო სექტორის სპეციალისტებს, ასევე ფერმერებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ პროფესიული ცოდნა და მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
ღონისძიებას დაესწრო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, ლაბორატორიისა და RDA-ის ხელმძღვანელები, სპეციალისტები, მემცენარე ფერმერები და მეწარმეები. ასევე, - USDA-ის ვაშინგტონის ოფისის დელეგაცია. ღონისძიებაში მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.