აგრარული ექსტენციის მიმართულებით საქართველოდან სამუშაო ჯგუფის ვიზიტი გრძელდება.
10 თებერვალს ჯგუფის მონაწილეები გაეცნენ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა სასწავლო და საზოგადოებრივი დაწესებულებების აქტივობებს. შეხვედრები გაიმართა ოჰაიოს შტატში სკოლებსა და უნივერსიტეტების სასწავლო-სადემონსტრაციო ფერმებში.
ვიზიტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული ექსტენციის სერვისების გაუმჯობესება, კონკრეტული გადაწყვეტების დადება და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაზაზე აგრარული საგანმანათლებლო მიმართულებების მხარდაჭერა.
საქართველოდან ვიზიტში მონაწილეობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები: დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აკადემიური პერსონალი: დარეჯან ჯაში, ლია დავითაძე, მამუკა თურმანიძე და ირაკლი კორძაია; მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი და პროექტის მენეჯერი ნატალი კლდიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს სხვადასხვა შტატში.
პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.