აგრარული ექსტენციის შესახებ სამუშაო შეხვედრები USDA-ის ადმინისტრაციის მაღალი რგოლის ხელმძღვანელებთან
 14/02/2023

აშშ-ში აგრარული ექსტენციის მიმართულებით საქართველოდან სამუშაო ჯგუფმა დასკვნითი შეხვედრა, ვიზიტის ფორმატში, ვაშინგტონში 13-14 თებერვალს  გამართა.

შეხვედრები გაიმართა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადმინისტრაციის მაღალი რგოლის ხელმძღვანელებთან. მათ შორის: აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ადმინისტრატორთან დანიელ ვიტლისთან და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სამსახურის უფროს დირექტორთან ოტო გონსალესთან. დელეგაციის წევრები გაეცნენ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სხვადასხვა აქტივობებს. USDA -ს მენეჯმენტმა გამოხატა მზაობა ხანგრძლივი და მდგრადი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით, აგრარული განათლების, ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაციის და ჭკვიანი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები 10 დღის განმავლობაში აშშ-ს სხვადასხვა შტატში მიმდინარეობდა. 6-10 თებერვალს შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციების ხელმძღვანელობასთან. მათ შორის, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან; Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან; ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან; Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან და აკადემიურ პერსონალთან; ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც ექსტენციაში არიან ჩართულები.

ვიზიტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ექსტენციის სერვისების მხარდაჭერა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაზაზე აგრარული საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარება.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და სამინისტროს თანამშრომლები; ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აკადემიური პერსონალი; აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები: დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე; მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი და პროექტის მენეჯერი ნატო კლდიაშვილი.

პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.