სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში 13-17 მარტს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლები, განათლების საერთაშორისო სპეციალისტი, შეერთებული შტატების უნივერსიტეტების: Central State University, Prairie View A&M University - ექსპერტები და “მომავლის ფერმერის” გუნდი.
შეხვედრის ფარგლებში 13 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა შეხვედრა მინისტრთან და ექსტენციის დეპარტამენტთან. მოეწყო ტური ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში; გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის მენეჯმენტთან.
14 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო სესიები აშშ-ის უნივერსიტეტების ექსპერტების მონაწილეობით, რომლებიც უნივერსიტეტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი სკოლების, ახალგაზრდა ფერმერების და სტუდენტების მონაწილეობით მუშაობენ რეგიონისთვის ექსტენციის მიდგომების შემუშავებაზე. როგორც ღონისძიების, ასევე პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის ხელშეწყობა და ექსტენციის სისტემაში განათლების და კვლევის კომპონენტის ინტეგრირება.
15 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით წარმატებით გაიმართა სამუშაო სესიები, რომელსაც უძღვებოდნენ აშშ-ის უნივერსიტეტების ექსპერტები. სკოლის მოსწავლეებმა, სამინისტროს ექსტენციონისტებისა და აკადემიური პერსონალის დახმარებით შეიმუშავეს პროექტები, წარმოადგინეს ბიზნეს გეგმები.
16 მარტს, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებთან. აშშ-ის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს აშშ-ის წარმატებული მაგალითების, ექსტენციის და 4-H სისტემის ფუნქციონირების შესახებ.
16 მარტს, სტუმრებმა ასევე მოინახულეს #1 და #28 სკოლები, გაეცნენ ბავშვების კლასგარეშე აქტივობებს, შეხვდნენ დირექტორებს და მასწავლებლებს, მოინახულეს 28-ე სკოლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც სამომავლოდ შეიძლება საჩვენებელი პრაქტიკის ობიექტი მოეწყოს.
17 მარტს, სამუშაო კვირის ბოლოს შეხვედრა გაიმართა აჭარის განათლების მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებმა მინისტრს გააცნეს კვირის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების შედეგები, პროექტის მონახაზი და იმსჯელეს მომდევნო პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. განათლების მინისტრმა, თავის მხრივ, პროექტის ყველა ეტაპზე აქტიური მხარდაჭერის და ჩართულობის მზაობა გამოხატა.
ვიზიტის მიზანია აჭარის რეგიონისათვის საპილოტე ექსტენციის მოდელის შემუშავების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივ მხარეებთან შეხვედრების გამართვა და მომდევნო წლების აქტივობებზე ინტენსიური მუშაობა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ პროგრამის საკვანძო რგოლი და განათლების, კვლევისა და ექსტენციის კომპონენტის გაერთიანებაში მთავარი მონაწილე, რომელიც სამომავლოდ ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობას და დარგის პოპულარიზაციასაც უზრუნველყოფს.
ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი პროგრამის სხვა პარტნიორებიც, როგორიცაა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ექსტენციის სამსახური, ასევე, ადგილობრივი სკოლები და ახალგაზრდები, მათ შორის: სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა ფერმერები.
პროექტის განმახორციელებელი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ადგილობრივი პარტნიორია „მომავლის ფერმერი“.
სრულად შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე - www.facebook.com