სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში 27-31 მარტს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლები, აშშ-ის აიდაჰოსა და მისისიპის უნივერსიტეტების პროფესორები/ მეთევზეობის სპეციალისტები და “მომავლის ფერმერის” გუნდი.
შეხვედრის ფარგლებში, 27 მარტს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა შედგა მინისტრთან და ექსტენციის დეპარტამენტთან, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და უნივერსიტეტის მენეჯმენტთან, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლების, აშშ-ის აიდაჰოსა და მისისიპის უნივერსიტეტების ექსპერტებისა და “მომავლის ფერმერის” მონაწილეობით.
28 მარტს, ქობულეთის აგროსერვის ცენტრში, ქობულეთელი მეთევზე ფერმერებისთვის ჩატარდა ტრენინგი თევზის კვებისა და ჯანმრთელობის თემაზე. ტრენინგს წარუძღვნენ აშშ-ის უნივერსიტეტის სპეციალისტები. თეორიული ნაწილის შემდეგ განხორციელდა პრაქტიკული სწავლება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების, ფერმერებისა და ექსტენციონისტებისთვის თევზის კვებისა და ჯანმრთელობის თემაზე. პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა ქობულეთის სოფელ ხუცუბანში, ფერმერ მალხაზ შუბალიძის ფერმის ბაზაზე. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ თევზის გაკვეთა და მიეღოთ რეკომენდაციები იხტიოლოგისგან. მიღებული ცოდნა მათ მნიშვნელოვნად დაეხმარებათ საქმიანობის სწორად წარმართვაში.
29 მარტს ქედის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მეთევზე ფერმერებისთვის ჩატარდა ტრენინგი თევზის კვებისა და ჯანმრთელობის თემაზე. ტრენინგს წარუძღვნენ აშშ-ის უნივერსიტეტის სპეციალისტები.
29 მარტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქედის წარმომადგენლობაში მეთევზე ფერმერებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი კალმახის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიმართულებით. ტრენინგს უძღვებოდა მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი. ტრენინგის მსვლელობისას ამერიკელმა სპეციალისტებმა გაკვეთეს დაავადებული თევზი და შესაბამისი აპარატურით შეამოწმეს კონკრეტულ დაავადებებზე.
ვიზიტის მიზანია აჭარის რეგიონის მეთევზე/მეკალმახე ფერმერებისათვის ტრენინგების ჩატარება, მათთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება თევზის კვებისა და ჯანმრთელობის თემებზე. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ მხარეებთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის განმახორციელებელი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადგილობრივი პარტნიორია „მომავლის ფერმერი“.