კანზასის უნივერსიტეტი სპეციალისტების ვიზიტები საქართველოს რეგიონებში - ხორბლის წარმოებისა და ღირებულების ჯაჭვის შეფასების პროექტი
 25/05/2023

22-25 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ის კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ხორბლის ღირებულების ჯაჭვის მოკვლევას ატარებენ.

ვიზიტის ძირითადი მიზანი გახლდათ ხორბლის მოსავლიანობის, მავნებლებისა და დაავადებების ანალიზი, რათა სამომავლოდ მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზების და მიდგომების შემუშავება მოსავლიანობის გაზრდის მიზნით.

22 მაისს სპეციალისტები კასპის, გორისა და ქარელის ხორბლის 20-მდე ნაკვეთში იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სპეციალისტებმა 23 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ხორბლის ნათესები შეისწავლეს.


24 მაისს კანზასის უნივერსიტეტის სპეციალისტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ მსხვილ მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ. მათ შეისწავლეს გვალვიან ზონებში არსებული პრობლემები და ხორბლის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ნათესებიდან ნიმუშებიც აიღეს.

25 მაისს კანზასის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხორბლის ნათესები შეისწავლეს. ისინი ადგილზე გაეცნენ მავნებლების ზემოქმედებით დაზიანებულ მცენარეებს და აიღეს ნიმუშები შემდგომი მოკვლევისთვის.


სამუშაო ჯგუფში იყო დარგის ყველა კატეგორიისა და სფეროს სპეციალისტი, მათ შორის აგრონომი, ფიტოპათოლოგი, ეკონომისტი.


ვიზიტი დაგეგმილია ხორბლის წარმოებისა და ღირებულების ჯაჭვის შეფასების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კანზასის უნივერსიტეტი USDA-ის დაფინანსებითა და "მომავლის ფერმერის" ადგილობრივი მხარდაჭერით.

 

ფოტოების სრულად იხილეთ ბმულზე - Facebook