18 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრში გაიმართა საგრანტო კონკურს "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" შერჩეული აპლიკანტების ტრენინგი პროექტის მართვაში, რაც თითოეული საპროექტო იდეის ავტორს საშუალებას მისცემს სწორად განავითარონ საკუთარი იდეა.
ტრენინგს წარუძღვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA ლექტორი ნინო ლოლაძე.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა ისწავლონ პროექტის შედგენისა და მართვის სხვადასხვა სტადიები, ხერხები; გაანალიზონ დაგეგმვის არსი და ძირითადი ელემენტები; შეიმუშავონ პროექტი.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ თავად დაწერონ პროექტი, დაგეგმონ, განახორციელონ და მონიტორინგი გაუწიონ პროექტს. შეეძლებათ პრობლემის სწორი იდენტიფიცირება და მონაწილე მხარეთა ანალიზი. მონაწილეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.
კონკურსი "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" გამოცხადებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისთვის.
კონკურის მიზანია ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, უნარებისა და კომპეტინციების გაუმჯობესება, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა/გაძლიერება; აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.
კონკურსი ითვალისწინებს სკოლების მოსწავლეების, სტუდენტების, ექსტენციონისტების და პედაგოგების ერთობლივ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 3 საუკეთესო გუნდური პროექტის იდეა, დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებს და მორგებული საბაზრო პრინციპებს.
ტრენინგში ჩართულები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტაჟიორები და ბსუ-ს კურსდამთავრებულები. ისინი პროექტის განხორციელების პერიოდში მენტორები იქნებიან.