"მომავლის ფერმერმა" აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)-ის მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ეგიდით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელშეწყობით კახეთში ჩაატარა 5 დღიანი სასწავლო-შემეცნებითი აგრობანაკი აჭარის ა.რ. მე-8-10 კლასის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის (29 ივლისი - 2 აგვისტო). მონაწილეები განთავსდნენ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის "აისის" ბაზაზე არსებულ სტუდენტთა პანსიონში.
აგრობანაკში მონაწილეობდა 21 მოსწავლე ქედის, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ბათუმის საჯარო სკოლებიდან.
თითოეული სკოლიდან წარმოდგენილი იყო 3 მოსწავლე და 1 მასწავლებელი. აგრობანაკის მონაწილეებს ჰყავდათ მენტორები: სოფლის მეურნეობის ექსტენციის სამსახურის წარმომადგენლები და სტუდენტები; ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი და ამერიკელი აგრო სპიკერები.
აგრობანაკის მიზანია ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, უნარებისა და კომპეტინციების გაუმჯობესება, აჭარაში სოფლის მეურნეობის დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა/გაძლიერება; აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.
აგრობანაკი გაიხსნა 30 ივლისს, მონაწილეებს სიტყვით მიესალმა ამერიკის სოფლის მეურნობის დეპარტამენტი USDA წარმომადგენელი, ვიდეომიმართვებით მიესალმნენ აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები; ბსუ-ს რექტორი; ასევე კაჭრეთის კოლეჯის დირექტორი.
აგრობანაკის მონაწილებმა სპიკერთან აგრარული პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კაჭრეთის კოლეჯის მეურნეობის ბაზაზე მოეწყო ექსკურსია ვენახში; დაესწრნენ ღვინის მასტერკლასს; პრაქტიკული სწავლება მიიღეს კოლეჯის საფუტკრესა და ლაბორატორიაში.
31 ივლისს აგრობანაკის მონაწილეებს ფერმებსა და საწარმოებში სასწავლო ვიზიტები ჰქონდათ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში ესტუმრნენ ინდუსტრიულ ფერმა "ბუტრანას", სადაც ჩაუტარდათ რძის მიღების და სილოსის მომზადების მასტერკლასი; სოფელ საქობოში მოინახულეს ზეთისხილის ბაღები, საწარმო და სანერგე, ჩაუტარდათ ზეთის მიღების მასტერკლასი; თელავში, სოფელ ცივში, ყველის თანამედროვე საწარმოში "ცივი", ჩაუტარდათ ყველის მასტერკლასი.
1-ელ აგვისტოს აგრობანაკის მონაწილეები შეხვდნენ აშშ-დან მოწვეულ ექსპერტს, ლიზა ლოქსმანს, რომელთანაც გაიმართა დისკუსია და ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ამერიკის სკოლებში აგრარული ექსტენციის შესახებ...
ექსპერტმა, ლიზა ლოქსმანმა აგრობანაკის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სასკოლო აგროკლუბების კონცეფციაზე. ახალგაზრდებმა იმუშავეს სტრატეგიაზე ჯგუფურად, დაიყვნენ სკოლების მიხედვით, ისაუბრეს კლუბების ფორმირებასა და მომდევნო წლების სამოქმედო გეგმაზე; წარმოადგინეს კონკრეტული იდეები და ინიციატივები, საკუთარი ხედვები თუ როგორ შეუძლიათ აშშ-ის სისტემის ქართულ რეალობაზე მორგება, აგრარული უნარების სკოლის გარემოში განვითარება... თითოეულმა სკოლამ წარმოადგინა დავალება: განსაზღვრეს აგროკლუბების სახელწოდებები, ასევე შეიმუშავეს ლოგოები…
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის კონსულტანტი ლიზა ლოქსმანი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებო და საექსტენციო მოდულების შემუშავებისა და იმპლემენტაციის ნაწილში.
აგრობანაკს პარლამენტის წევრი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი ესტუმრა. ის აგრობანაკის მონაწილეებს სახელმწიფო აგრარულ პრიორიტეტებზე, ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე, აგრარული პროფესიების პერსპექტივებზე ესაუბრა; გაუზიარა წარმატების ისტორიებიც…
გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო აგროთემატიკის შეკითხვებზე პასუხები პარლამენტის წევრისგან მიიღეს.
აგრობანაკში 1-ელ აგვისტოს აგროვიქტორინა ჩატარდა. გუნდები დაკომპლექტდა თითოეული სკოლის 3 წარმომადგენელი მოსწავლისგან. აგროვიქტორინა მოიცავდა 3 ტურს, რომელიც შედგებოდა აგრარული ექსტენციის სპეციალისტებისა და სტუდენტების მიერ შემუშავებული მარტივი, საშუალო და რთული კითხვებისგან. გამარჯვებული გამოვლინდა 7 გუნდიდან, მე-3 ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი ქულით.
აგროვიქტორინა 2023-ის გამარჯვებული გახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა.
გამარჯვებულს გადაეცა სპეციალურად დამზადებული სიგელი.
აგრობანაკის მონაწილეებისთვის ჩურჩხელის მასტერკლასი მოეწყო. თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა თავად ამოევლოთ ჩურჩხელა, რაც მათთვის საინტერესო გამოცდილება იყო.
აგრობანაკის მონაწილეებს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ ბოსტნეულის საკონსერვო წარმოებაში. მათ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულისგან მოამზადეს მწნილი, რაც საინტერესო გამოცდილება იყო ახალგაზრდებისთვის.
აგრონანაკი 2023 2 აგვისტოს დასრულდა, მონაწილეებს აგრობანაკში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტს ახორციელებს "მომავლის ფერმერი" აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.
სრულად ფოტოები იხილეთ ბმულზე: www.facebook.com