ამერიკელი სპეციალისტები ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკალმახე მეურნეობებში
 23/10/2023

აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მალხაზ შუბალიძის, სოსო ჯაფარიძისა და ზურა კინწორაშვილის საკალმახე მეურნეობებს ესტუმრნენ. მათ ადგილზე საველე სამუშაოები და კვლევები განახორციელეს.


ერთ-ერთ ფერმას საჩუქრად გადაეცა ძვირადღირებული, მაღალი სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებს მორგებული საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და ინვენტარი, რითაც შეძლებენ დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას და პრევენციას.

საველე კვლევებში მონაწილეობდნენ ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის სამსახური; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სამსახურის თანამშრომლები და სტუდენტები; ასევე, მისისიპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დოქტორანტები.

აღნიშნულ ფერმებს ამერიკელი სპეციალისტები რამდენიმე თვის წინაც სტუმრობდნენ, რა დროსაც ბენეფიციარ ფერმებში დამონტაჟდა წყლის ტემპერატურის მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობა (HOBO Loggers) და ფერმერებს მონაცემთა ავტომატური შეგროვების შესაძლებლობა მიეცათ.
აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი საქართველოში, საკალმახე მეურნეობებში საველე-კვლევითი სამუშაოებისა და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარების მიზნით აჭარის ა/რ-ში 21-27 ოქტომბერს იმყოფებიან.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერა.