ქედის მუნიციპალიტეტში, ნაზიმ ბერიძის, ფრიდონ ბოლქვაძის, თამაზ ნაკაშიძის, ხვიჩა ბრუნჯაძის და ნუგზარ აბულაძის საკალმახე მეურნეობებს ესტუმრნენ დღეს აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი. მათ ადგილზე საველე სამუშაოები და კვლევები განახორციელეს.
საველე კვლევებში მონაწილეობდნენ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და FOF-ის წარმომადგენლები, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის სამსახური; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სამსახურის თანამშრომლები და სტუდენტები; ასევე, მისისიპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დოქტორანტები.
აღნიშნულ ფერმებს ამერიკელი სპეციალისტები რამდენიმე თვის წინაც სტუმრობდნენ, რა დროსაც ბენეფიციარ ფერმებში დამონტაჟდა წყლის ტემპერატურის მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობა (HOBO Loggers) და ფერმერებს მონაცემთა ავტომატური შეგროვების შესაძლებლობა მიეცათ.
აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი საქართველოში, საკალმახე მეურნეობებში საველე-კვლევითი სამუშაოებისა და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარების მიზნით აჭარის ა/რ-ში 21-27 ოქტომბერს იმყოფებიან.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერა.