ამერიკელი სპეციალისტები ქედაში - სოფო დიასამიძის და ჯანო ტანტიბას საკალმახე მეურნეობებში
 26/10/2023

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფო დიასამიძის და ჯანო ტანტიბას საკალმახე მეურნეობებს ესტუმრნენ დღეს აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი. მათ ადგილზე საველე სამუშაოები და კვლევები განახორციელეს. 

სოფო დიასამიძის ფერმას საჩუქრად  გადაეცა მაღალი სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებს მორგებული საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და ინვენტარი, რითაც შეძლებს დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას და პრევენციას. 

რამდენიმე თვის წინ ფერმერს წყლის ტემპერატურის მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობა (HOBO Loggers) გადაეცა, რითაც მონაცემთა ავტომატური შეგროვების შესაძლებლობა მიეცა. 

დღევანდელ საველე კვლევებში მონაწილეობდნენ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და FOF-ის  წარმომადგენლები, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის სამსახური; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სამსახურის თანამშრომლები და სტუდენტები; ასევე, მისისიპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დოქტორანტები. 

აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი საქართველოში, საკალმახე მეურნეობებში საველე-კვლევითი სამუშაოებისა და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარების მიზნით აჭარის ა/რ-ში 21-27 ოქტომბერს იმყოფებიან. 

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერა.