27 ოქტომბერს აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს ქვეშ ჩამოყალიბებული კალმახის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და “მომავლის ფერმერის” წარმომადგენლებმა; სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა; მოწვეულმა ექსპერტებმა; აშშ-ის მისისიპის და აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორებმა, ასევე, ფერმერებმა.
კალმახის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე იმსჯელეს აჭარაში საკალმახე სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე; კალმახის წარმოებისა და მარკეტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე;
დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა აჭარის ა/რ ფარგლებში საკალმახე მეურნეობებში საველე-კვლევითი სამუშაოები და პრაქტიკული ტრენინგები.
გაცნობებთ, აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერა.
კალმახის სექტორის განვითარების სამუშაო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს და უზრუნველყოფს კალმახის მოშენების ტექნიკის, დაავადების პრევენციისა და მარკეტინგის შესახებ სასწავლო პროგრამების ჩატარებას.
ჯგუფი ასევე იმუშავებს ადგილობრივ ფერმერებთან კალმახის პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაზე. ჯგუფი ითანამშრომლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, რათა შეიმუშაოს კურიკულუმები ექსტენციის სპეციალისტებისთვის და ფერმერებისთვის. ასევე, იმუშავებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკისა და რეგულაციების შემუშავებას, რომლებიც მხარს უჭერენ კალმახის სექტორის ზრდას. ჯგუფი ტექნიკურ რჩევებსა და მხარდაჭერას გაუწევს სამთავრობო უწყებებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც ჩართულნი არიან საკალმახე სექტორის განვითარებაში.