ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) და კანზასის უნივერსიტეტმა საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასების ანგარიში წარმოადგინა 7 ნოემბერს ჰოლიდეი ინნ-ში.
შეფასება მომზადდა კანზასის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და პლატფორმა „მომავლის ფერმერთან“ თანამშრომლობით.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და თემის აქტუალურობაზე ისაუბრეს: დემნა ძირკვაძემ (აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA); თენგიზ ნასარიძემ (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე); ნინო წილოსანმა (საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე).
კვლევის შედეგების წარმოადგინა კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, აგროეკონომიკის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელმა ალენ ფიზერსთოუნმა და კანზასის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა.
ხორბლის სექტორის შეფასების პროექტის ძირითადი მიზანია იმ ღონისძიებების გატარების საჭიროების გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას. კონკრეტულად, ხორბლის მოსავლიანობის ანალიზი, წისქვილების მუშაობის ეფექტურობის შეფასება და ხორბლის მიწოდების ჯაჭვის ანალიზი მოგვცემს იმ რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას, რაც ხორბლის ფქვილს უფრო ხელმისაწვდომს გახდის საქართველოში.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არა ერთი საველე ვიზიტი და მოკვლევა, რაც საერთაშორისო ექსპერტებს დაეხმარათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრასა და დარგისათვის ზოგადი რეკომენდაციების შემუშავებაში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ თემებზე.
ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე: Facebook