საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართა (14 ნოემბერი). შეხვედრა საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ ბატონმა კახა კაკაბაძემ გახსნა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საბჭოს წევრების განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
შეხვედრის ფორმატში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მოკლე ანგარიშები წარადგინეს. ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის, საკარანტინო მავნებლების გამოვლენისა და რისკების შეფასების ღონისძიებებზე, DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. საბჭოს წევრებმა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების წარმოების და ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.
საბჭომ უმასპინძლა მოწვეულ სტუმრებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ვაშინგტონის ოფისიდან, სხდომას ასევე ესწრებოდნენ სხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ფიტოსანიტარიის მიმართულებით.
მცენარეთა დაცვის დარგის გაუმჯობესების მიზნით ჩამოყალიბებული ეროვნული სამეთვალყურეო საბჭო შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე, „მომავლის ფერმერის“ კოორდინაციითა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.