კიდევ ერთ საკალმახე მეურნეობას, ამჯერად ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში ფერმერ ხვიჩა ბრუნჯაძეს წყლის ტემპერატურის მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობა HOBO Loggers გადაეცა და ფერმერს მონაცემთა ავტომატური შეგროვების შესაძლებლობა მიეცა. საკალმახეს დღეს ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
რამდენიმე თვის წინ, ხვიჩა ბრუნჯაძის მეურნეობას აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი ეწვია. მათ ადგილზე საველე სამუშაოები და კვლევები განახორციელეს.
საველე კვლევებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და FOF-ის წარმომადგენლები, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის სამსახური; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სამსახურის თანამშრომლები და სტუდენტები; ასევე, მისისიპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დოქტორანტები.
აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერა.