USDA-ის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში
 19/03/2024


კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აჭარაში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და „მომავლის ფერმერის“ გუნდის ვიზიტი განხორციელდა.

USDA-ის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები ქრეიგ ტენი და რაფაელ გუტიარესი ადგილზე გაეცნენ პროექტის  მიმდინარე აქტივობებს და პარტნიორებს, გამართეს ოფიციალური შეხვედრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან; აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან და აგრარული ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელთან.

სამინისტროში შეხვედრაზე განხილეს რეგიონის აგრარული პოტენციალი და მიმდინარე წლის პროგრამები. მხარეებმა იმსჯელეს აჭარაში აგრარული ექსტენციის, მეთევზეობისა და ლაბორატორიულ-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამ მხრივ რეგიონში არსებულ საჭიროებებზე.

სტუმრები გაეცნენ ბენზეში საცდელი/დემო ნაკვეთის მოწყობის სამუშაოებს და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში განხორციელებული სასკოლო პროექტის შედეგებს, გაესაუბრნენ აგროკლუბის მონაწილე მოსწავლეებს და ხაზი გაუსვეს მათ მიერ განხორციელებული საპილოტე აქტივობების მნიშვნელობას.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის“ პროექტების მენეჯერი ნატალია კლდიაშვილი.

აღნიშნული პროექტი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით ხორციელდება - ამ ეტაპზე საპილოტედ აჭარაში, ახლო მომავალში, ასევე, დაგეგმილია პროექტის აქტივობებით სხვა მიმდებარე რეგიონების დაფარვა.