კალმახის სასწავლო ტური - აიდაჰო
 01/04/2024


აშშ-ის აიდაჰოს შტატში მეკალმახე ფერმერებისა და სპეციალისტებისთვის სასწავლო ვიზიტი განხორციელდა, რომლის მიზანი გახლდათ საქართველოში  დარგის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ აიდაჰოს უნივერსიტეტის აკვაკულტურის კვლევით ინსტიტუტს და ერთკვირიანი ინტენსიური კურსი გაიარეს მეკალმახეობის შესახებ.

კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე - პრაქტიკულ ვიზიტებს ადგილობრივ ფერმებსა და გადამამუშავებელ საწარმოებში, თევზის საკვების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს აშშ-ში.

მონაწილეები ესტუმრნენ ⁠აიდაჰოს შტატის ქალაქ ჰეგერმანის სახელმწიფო ინკუბატორს, რომელიც ფინანსდება ფედერალური მთავრობის მიერ და რომელიც ორიენტირებულია ცისარტყელა კალმახის გარეული  ჯიშების გამოყვანით, გამრავლებითა და შემდეგ მათ ბუნებრივ პირობებში დაბრუნებით.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კალმახის კვების მენეჯმენტს და სპეციფიკაციას; გავრცელებულ დაავადებებს და მათ მართვას; ბიოუსაფრთხოებას; ფერმის მოწყობას; წყლის ხარისხის და სხვა მახასიათებლების კონტროლსა და მონიტორინგს. მათთვის დამატებით თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს მისისიპის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა სპეციალისტებმაც.

ჯგუფის წევრებმა ექსპერტების ზედამხედველობით თავად გაკვეთეს თევზი, აიღეს ნიმუშები, დააკვირდნენ მიკროსკოპულად. მათ მოინახულეს აიდაჰოს უნივერსიტეტის აკვაკულტურის კვლევითი ინსტიტუტის საექსპერიმენტო ლაბორატორია, რომელიც უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი  და სადაც უმოკლეს დროში ტარდება დაავადების, ბაქტერიის, ვირუსის თუ სხვა პრობლემური საკითხის დიაგნოსტირება და კვლევა. ისინი დააკვირდნენ უშუალოდ კვლევებისა და ცდების პროცესს, საშუალება მიეცათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები ექსპერტებისგან.

 

მონაწილეები მზად არიან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოსაყენებლად და გეგმავენ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტის ჩატარებასა და თავიანთი ფერმის რესტრუქტურიზაციას შეძენილი საუკეთესო გამოცდილების საფუძველზე.

კურსის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.

სასწავლო პროგრამაში 7 მონაწილე კონკურსის წესით შეირჩა. აიდაჰოს შტატი, სადაც სასწავლო პროგრამა განხორციელდა,  მეთევზეობის მიმართულებით ლიდერი შტატია აშშ-ში და ფარავს ქვეყნის კალმახის საერთო წარმოების 70%-ზე მეტს. აქ მეკალმახეობაში სამაგალითო მოდელებია დანერგილი.

სასწავლო პროგრამა ხორციელდება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის  პროექტის ფარგლებში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის  (USDA) დაფინანსებითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით.

ფოტოების სრულად სანახავად გადადი ბმულზე Facebook.com