ბათუმის 28-ე საჯარო სკოლის აგროკლუბ "სოფლის მაშენებლების" სადემონსტრაციო სათბურში გამოყვანილი ჩითილები უკვე გაყიდვაშია. სკოლის მოსწავლეებმა კიტრის, პომიდვრის და ტკბილი წიწაკის 750 ჩითილი გამოიყვანეს. უახლოეს 25 დღეში კი დამატებით 1000 ჩითილს მიიღებენ. როგორც კლუბის წევრები ამბობენ, მათი პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და შეძენის ბევრი მსურველიც ჰყავთ.
გაყიდვებიდან მიღებული თანხა აგროკლუბის გაძლიერებას და კლუბელების იდეების განხორციელებას მოხმარდება.
აგროკლუბი "სოფლის მაშენებლები" ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით ჩამოყალიბდა.
აჭარის ა/რ-ში ამ დროისათვის შექმნილია 11 აგროკლუბი, რომელთა მიზანია სკოლის მოსწავლეებში სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ინიციატივების წარმოჩენა, სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა; სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა; საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარება.