სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია 2024
 11/06/2024


სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია 2024 „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და აგრარული მეცნიერებები“ 10-11 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციის გახსნისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა; აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენელმა საქართველოში.
კონფერენციამ გააერთიანა 40-მდე მომხსენებელი, რომლებიც წარმოადგენენ 10 სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონიდან: აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, გურია.  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმაღლესი საფეხურის სტუდენტებთან (დოქტორები, მაგისტრები და ბაკალავრები) ერთად მოხსენება, ასევე, წარმოადგინეს პროფესიული საფეხურის სტუდენტებმაც.

კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებით:

1.    კლიმატგონივრული     სოფლის     მეურნეობა     და     მომავლის ფერმები;
2.    მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა კლიმატით შეცვლილ ლანდშაფტში;
3.    კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა / მეფუტკრეობა / აკვაკულტურა.


სტუდენტთა ნამუშევრები და საპრეზენტაციო უნარები შეფასდა დარგის წამყვანი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურის მიერ. გამარჯვებულები, შესაბამის ნომინაციებში, წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე გამოვლინდნენ. მათ გადაეცათ სხვადასხვა სასაჩუქრე ვაუჩერები, პრიზები და სიგელები.

მადლობის სიგელები გადაეცათ სტუდენტთა ხელმძღვანელებს, სტუდენტთა აგრარულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის და ჟიურის - შეფასების კომისიის  წევრობისთვის.
სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აგრარული ექსტენციის ცენტრისა და პროექტის სხვა პარტნიორების წარმომადგენლებმაც.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა და სასწავლო დაწესებულებებმა:

•    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
•    ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
•    შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
•    წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი, აჭარა
•    სსიპ პროფესიული კოლეჯი “ბლექსი“, ბათუმი
•    სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა", ქობულეთი
•    სსიპ პროფესიული კოლეჯი “იბერია“, ქუთაისი
•    სსიპ პროფესიული კოლეჯი ,”ჰორიზონტი“, ოზურგეთი
•    სსიპ პროფესიული კოლეჯი “ფაზისი“, ფოთი.

სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების საფუძველია ახალგაზრდობის პოზიტიური განვითარების კონცეფცია, რომელსაც ახორციელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის დარგებისადმი ინტერესის გაღვივებას და ყველა იმ შესაძლებლობის უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას სოფლის მეურნეობის სექტორში.

პროექტის მთავარი მიზანია დარგის გაძლიერება მოტივირებული, ძლიერი ახალგაზრდა სამუშაო ძალით, ამასთან, ინკლუზიურობის ხელშეწყობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობით.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის წახალისებას სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით, რომლის საბოლოო გრძელვადიანი მიზანია კონცეფციის საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში გადატანა და გავრცელება. კონფერენციის სტრატეგიულ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აგრარული დისციპლინები.