2-6 სექტემბრის კვირაში საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტების ექსპერტები.
ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო აჭარის საკალმახე მეურნეობებში სადემონსტრაციო ფერმების შერჩევა და საჭიროებების ანალიზი.
ექსპერტებმა, ასევე, ჩამოიტანეს მათ მიერ გასულ წელს აღებული ნიმუშების შედეგები და ფერმერებს პირადად გაუზიარეს. ვიზიტის მეორე ნახევარი დაეთმო გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სხვადასხვა საკალმახე მეურნეობის დათვალიერებას და არსებული ვითარების გაცნობას. სტუმრებმა მოინახულეს როგორც საშუალო, ასევე ინდუსტრიული მეურნეობები და სალიფსიტეები, გაეცნენ მათი ფუნქციონირების პრინციპებს და ძირითად გამოწვევებს.
მეკალმახე ექსპერტებთან ერთად აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობდნენ USDA-ის საქართველოს ოფისისა და "მომავლის ფერმერის" წარმომადგენლები.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".