10-11 დეკემბერს გორის კოლეჯ "ამაგში" მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) პროგრამის ინსტრუქტორებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლები, ადგილობრივი აგრონომები და მოწვეული სტუმრები.
ორდღიანი ტრენერთა ტრენინგის მიზანი გახლდათ მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით, მათ შორის, ისეთი ფორმალური და არაფორმალური პროგრამების შემუშავებითა და დანერგვით, რომელიც სპეციალისტებს საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და განვითარებაში დაეხმარება; IPM პროგრამის მოკლევადიანი გადამზადების კურსის განმახორციელებელი ინსტრუქტორების მომზადება და მათთვის პროგრამის პრაქტიკული მიმართულებების გაცნობა.
ტრენინგს გაუძღვა მოწვეული დარგის ექსპერტი ილია კუნჭულია.
დატრენინგდა 17 მსმენელი, რომელთაც გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.
IPM პროგრამის კურსი გულისხმობს ადგილობრივი სპეციალისტების, ფერმერებისა და ექსტენციონისტების უნარებისა და ცოდნის დონის გაუმჯობესებას და მის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, წარმოების ხარისხისა და მოცულობის ზრდას, ქვეყნის სავაჭრო პოტენციალის გაუმჯობესებას.
მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) მოკლევადიანი გადამზადების კურსი მომზადდა კალიფორნიის ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული მოდულების მიხედვით და მისი ეტაპობრივი დანერგვა დაგეგმილია საქართველოს 6 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი აკრედიტაციის გავლის პარალელურად.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".