IPM-ის პროგრამა უკვე ახალციხეშიც დაინერგა
 06/06/2025

 

საქართველოს ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის, „მომავლის ფერმერის“ მიერ კიდევ ერთი მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა მომზადდა - სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა (IPM).

პროგრამა ხორციელდება სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უფასოდ.

სასწავლო პროცესი დაიწყება 9 ივნისს და 10 მსმენელი, 10 კვირის განმავლობაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით, უნივერსიტეტის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიაში (თეორიული და პრაქტიკული) და რეალურ გარემოში გადამზადდებიან.

აღნიშნული პროგრამა შემუშავდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაძლიერება (SPS Capacity Building in Georgia)” ფარგლებში და ეყრდნობა კალიფორნიის, ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადებულ ონლაინ სასწავლო კურსს „მავნებელთა ინტეგრირებული მართვა“ (IPM).


გადამზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს შეისწავლონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის არსი, მავნებელთა მონიტორინგისა და ნიმუშების აღების მეთოდები, განსაზღვრა და ტექნიკა. მავნებელთა კონტროლის სახეები (მარეგულირებელი, კულტურული, მექანიკური, ბიოლოგიური, ქიმიური კონტროლი); გაეცნონ მავნებელთა კონტროლის ჩატარების სახელმძღვანელო - სამართლებრივ ნორმებს, შეძლონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის (IPM) პროგრამების პრაქტიკული განხორციელება და მავნებელთა ინტეგრირებული მართვისას მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიკური ანალიზი.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი შესაბამისი დანართით.