რას ურჩევს ახალზელანდიელი მეცხვარე ქალბატონი ქართველ ფერმერებს
 14/06/2013

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული.

საინტერესოა, რომ ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4,451,017 ადამიანს (2013 წლის მონაცემებით),  ჰყავთ 31 მლნ ცხვარი და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში. ამდენად, ქართველი მეცხვარეებისთვის ახალზელადიის გამოცდილების გაზიარება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

უფრო კონკრეტულად, თუ რა მიზნით ჩამოვიდა მეცხვარე ქალბატონი საქართველოში და რა რეკომენდაციებს აძლევს ქართველ მეცხვარეებს, ამ საკითხებზე ის თავად გვესაუბრება.

მე ხშირად ვსტუმრობ სხვადასხვა ქვეყნებს, რათა გავიგო როგორი მდგომარეობაა მეცხვარეობის მიმართულებით, რა ტექნოლოგიები და სისტემებია. ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებულ ინფორმაციას ვამუშავებ და ჩამაქვს ახალზელადნიაში. ასევე, ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ სხვა ქვეყნის მეცხვარე ფერმერებს თუ სპეციალისტებს, ანუ მთავარი მიზანი ეს არის ინფორმაციის, იდეები გაცვლა. აქ ჩამოსვლამდე ვიმყოფებოდი დიდი ბრიტანეთში და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები წამოვიღე.

საინტერესოა როგორ გახდა ბრაზილიელი გოგონა ახალზელანდიელი მეცხვარე. ჩვენს ქვეყანაში ქალბატონები ნაკლებად ინტერესდებიან ამ მიმართულებით. მოგვიყევით თქვენს შესახებ...

დავიბადე და გავიზარდე ბრაზილიაში. დავამთავრე სან პაულოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მესაქონლეობის სპეციალობით.  სწავლის დროს ძალიან ბევრ საქონელთან მიწევდა შეხება. ჩემს სამშობლოში მეცხვარეობის, როგორც საექსპორტო მიმართულების განვითარების დიდი მოთხოვნაა არის. იქ დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, როგორც თქვენს ქვეყანაში, ოდნავ უკეთესი. ამდენად, გადავწყვიტე სამომავლო პროფესიულ მიმართულებად  სწორედ მეცხვარეობა ამერჩია და ამ გზით გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას. ახალი ზელადნია არის ერთ-ერთი ნომერ პირველი მეცხვარეობაში და მივაშურე ამ ქვეყანას, რათა შემეძინა სათანადო ცოდნა, გამოცდილება და ამ ყველაფრით შეიარაღებული დავბრუნებოდი ჩემს ქვეყანას. უნდა დავრჩენილიყავი 3 თვით, შემდეგ დამტოვეს კიდევ 6 თვე. ბოლოს შემომთავაზეს, რომ სამუშაოდ დავრჩენილიყავი იმ ფერმაში, სადაც ეს დრო ვსაქმიანობდი. ახალ ზელანდიაში ავიღე აგრობიზნესის მართვის დიპლომი.

ამჟამად ვმუშაობ ახალ ზელანდიაში One Stop Ram Shop-ში (OSRS) როგორც მათი წარმომადგენელი სამხრეთ ამერიკაში. OSRS-მ მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 80-იან წლებში ახალი ზელანდიის მეცხვარეობის ინდუსტრიის ტრანსფორმირებაში ქვეყანაში ცხვრების ახალი ჯიშების ჩამოყვანით, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ქვეყანაში არსებული ცხვრების 30%-ს. ის აგრეთვე არის ყველაზე ცნობილი სანაშენე ფერმა ახალ ზელანდიაში, გამოირჩევა მაღალპროდუქტიული ცხვრებით. One Stop Ram Shop არის სუფთა სისხლის მამრების მწარმოებელი. OSRS უზრუნველყოფს იდეალურ გენეტიკას „საძოვრიდან თეფშამდე" ტექნოლოგიისთვის.

 კონკრეტულად რას საქმიანობთ, როგორია დაიანეს ერთი სამუშაო დღე...

 ფერმაში  ბევრ რამეს ვაკეთებ, როგორც ადმინისტრაციული მიმართულებით, ისე ცხოველთან უშუალო ურთიერთობით, ვაქცინაცია, მოვლა-პატრონობა;  შენობა-ნაგებობების მოვლა. მევალება გენეტიკური ინფორმაციის დამუშავება, ბაზის წარმოება და სამეცნიერო ჯგუფისთვის მიწოდება. ასევე, საექსპორტო გაყიდვებში მონაწილეობა ძირითადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან.  ვიკვლევ მეცხვარეობის ახალ ზელანდიური ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებადობას ბრაზილიაში, რომლის მიზანიც მაქსიმალური პროდუქტიულობაა. ვაწარმოებ ბრაზილიის OSRS ორენოვან ვებგვერდს.

თქვენი მიზანი იყო საკუთარ ქვეყანას გამოდგომოდით, ამ მხრივ რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელეთ?

ეს ძალიან ნელი პროცესია. ინფორმაცია, იდეა ბევრია, ვმუშაობ იმაზე, რომ  თუ როგორ მოვარგო ახალზელანდიური მოდელი ჩემს ქვეყანას, ვინაიდან, ბრაზილიასაც, ისევე როგორც ყველა ქვეყანას, თავისი სპეციფიკა აქვს. მე ხშირად ჩავდივარ იქ და ფერმერებთან გაკეთებ პრეზენტაციებს, ვაცნობ სიახლეებს, ახალ ტექნოლოგიებს და ა.შ.  ჩემი მიზანია მომგებიანი მეცხვარეობის მიღწევა ბრაზილიაში, რომ ფერმერებმა განახორციელონ წარმოებასა და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობა.

რა როლს თამაშობს კერძო სექტორი მეცხვარეობის განვითარებაში და რა როლი აქვს ხელისუფლებას? რამდენად ქმედუნარიანები არიან მეცხვარეთა ასოციაციები და რა როლს თამაშობენ დარგის განვითარებაში?

ასეთი ორგანიზაციები ახალზელანდიაში საკმაოდ ქმედუნარიანები არიან, რომელთაც აფუძნებენ უშუალოდ ფერმერები. ეს ორგანიზაციები აკეთებენ კვლევებს როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე და ინფორმაციას აწვდიან  ფერმერებს. ანუ ფერმერებს ყველა საჭირო კვლევას და სხვა საქმიანობას უგვარებს სწორედდ ასოციაცია. ისინი ასევე, ახალგაზრდების განათლებასა და მეცხვარეობაში ჩართულობაზე მუშაობენ. რაც შეეხება ხელისუფლების როლს, შეიძლება ითქვას, რომ ნომინალურია და ძირითადად შემოიფარგლება პოლიტიკური მხარდაჭერით და საერთაშორისო ასპარეზზე პრომოუშენით. ამ ეტაპზე ახალზელანდიაში ისეა განვითარებული მეცხვარეობა, რომ არანაირ ფინანსურ მხარდაჭერას არ საჭიროებს. თუმცა, როდესაც მეცხვარეობა ამ ქვეყანაში ფეხს იდგამდა, 1984 წლამდე დარგის 40% სუბსიდირებული იყო ხელისუფლების მიერ. დღეს კერძო სექტორს უფრო დიდი როლი და გავლენა აქვს მეცხვარეობაზე, ვიდრე სახელისუფლო სტრუქტურებს.

თქვენ ჩვენი მეცხვარეების პრობლემებს გაეცანით, რა რეკომენდაციებს აძლევთ ფერმერებს?

თქვენ როგორც ბრაზილია ისეთ მდგომარეობაში ხართ. უნდა დასახო მიზანი, სად გინდა იყო 10 წლის შემდეგ, უნდა იცოდე რას ელი იმ საქმიანობიდან, რომელსაც ხელი მოკიდე ყოველდღიურად. ახალზელანდიაში ცხვარს, როგორც ბიზნესობიექტს ისე უყურებენ, თუ მას არ მოაქვს შესაბამისი შემოსავალი, ის არ სჭირდებათ. თითოეული დანახარჯი  და ამონაგები გათვლილია. მაგალითად, მაკე ცხვრის სკანირებას ახდენენ, რომ გაიგონ რამდენი ბატკანი ჰყავს მუცელში, რათა საკვებიც შესაბამისად მიეწოდონ. ანდა, როდესაც ჰყიდულობენ ყოჩს, ამოწმებენ მის პოტენციალს, სპერმას, ასევე, ამოწმებენ ხვრის დამაკების პოტენციალს, რათა განსაზღვრონ, რა სარგებელს მოუტანს ის მათ ბიზნესს. ანუ თითოეული ნაბიჯის უკან კონკრეტული ბიზნესგათვლა დგას. ბრაზილიაშიც და როგორც ვნახე, აქაც ასე არ ხდება, უფრო ქაოტურად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომ შესაბამისი ფინანსური ამონაგებიც არის. ვურჩევდი უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ თითოეული ნაბიჯი და დანახარჯი.